სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრი გურიის რეგიონში შეწამვლით ღონისძიებებს ატარებს.
სააგენტოს ცნობით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 12 ადმინისტრაციულ ერთეულში (ქვენობანი, ზომლეთი, ამაღლება, შუაამაღლება, გოგოლესუბანი, გორაბერეჟოული, გუთური, ხევი, შუასურები, დიდივანი, ერკეთი, ბუკისციხე) თერმული ნისლის ტექნოლოგიით 2520 ჰექტარი ფართობი დამუშავდა.
“თერმული ნისლის ტექნოლოგიის გამოყენებით ღონისძიებები დაგეგმილია ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების 7-7 ადმინისტრაციულ ერთეულში.
წამლობა ღამის საათებში უსაფრთხოების წესების სრული დაცვითა და მეფუტკრე-ფერმერებთან შეთანხმებით ხორციელდება. აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრში ფუნქციონირებს „სმს”-გზავნილების სისტემა, რომელიც მოსახლეობას წინასწარ აწვდის ინფორმაციას დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. პროცესში აქტიურად არის ჩართული ადგილობრივი თვითმმართველობა.
მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე: www.parosana.ge”, – ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.