გურამ მაჭარაშვილი: ის, რაც მოსწონთ ამერიკისა და ევროკავშირის ელჩებს, არ მოსწონს “ნაცმოძრაობას”
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გურამ მაჭარაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებულ “საარჩევნო კოდექსში” შესატანი ცვლილებების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ჩვენ არსებული კანონმდებლობითაც აუცილებლად ვიზრუნებდით, რომ წინასაარჩევნო კამპანია და ასევე არჩევნების დღე ყოფილიყო სამაგალითო ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის, მაგრამ აქაც გვინდა, რომ მინიმალურ დონეზე დავიყვანოთ სპეკულაციები ოპოზიციური სპექტრიდან და შემოვედით საკანონმდებლო ინიციატივით, რითაც ჩვენ ვამკაცრებთ ისეთი ტიპის შესაძლო დანაშაულებს, როგორიცაა ამომრჩეველზე ზეწოლა ან დაშინება. ეს ცვლილებები მოიწონეს ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა, აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებმა და ჩვენ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ გაცილებით უფრო ეფექტური იქნება ეს ცვლილებები ვიდრე აქამდე არსებული კანონმდებლობა. მაგრამ აქ გამონაკლისი ვერ იქნებოდა ოპოზიცია, რომელმაც თავისი ნეგატიური პოზიცია დააფიქსირა და არგუმენტები, რა თქმა უნდა, აქაც არ აქვთ. ასეთი სურათია – ის, რაც მოსწონს ამერიკისა და ევროკავშირის ელჩებს, არ მოსწონს „ნაციონალურ მოძრაობას”, ის – რაც მოსწონს ქართულ საზოგადოებას, მაგალითად, პანდემიასთან წარმატებული ბრძოლა, სოციალური და მატერიალური დახმარებები, არ მოსწონს „ნაციონალურ მოძრაობას” და მის დანაყოფებს. ასეთი დღის წესრიგი აქვთ წინასაარჩევნო კამპანიის დროს. მე მესმის, რომ დღეს უკვე მათმა ლიდერმა, რომელსაც კიდევ უფრო გაურთულდა საქმე და პრაქტიკულად აღიარა მათ მიერ უარყოფილი ჩადენილი დანაშაულებები და, ალბათ, ახლა გადაწყვიტეს, რომ საზოგადოებაში წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარების ნაცვლად, დღეს ბიუროს სხდომაზე და პარლამენტში დაიწყეს წინასაარჩევნო კამპანია”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.