სოფო კილაძე: უმძიმეს დანაშაულებებს შეცდომის დონეზე რომ ჩამოაქვეითებ, ამას ხალხში უფრო უარყოფითი რეაქციები მოჰყვება

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის იმ ნაწილზე ისაუბრა, რომელიც წლების წინ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ძალადობრივ და დანაშაულებრივ რეჟიმს აყალიბებდნენ.
„ხალხს მუდმივად ჰქონდა განცდა, რომ ძალადობრივმა რეჟიმმა ბოდიშიც კი არ მოიხადა იმ სისასტიკეების გამო, რომელშიც აცხოვრებდა ჩვენს მოქალაქეებს. დაახლოებით თვე-ნახევრის წინ სალომე სამადაშვილს ვეუბნებოდი, რომ „ბოდიში მაინც მოიხადეთ იმ უბედურების გამო რაც ჩვენს ქვეყანას და ხალხს დამართეთ-თქო” და ეტყობა ჭკუაში დაუჯდათ და ჩვენ ვნახეთ ბატონი სააკაშვილის კლიპი, სადაც ის აანონსებდა ბოდიშს მძიმე შეცდომებისთვის და აანონსებდა საქართველოში ჩამოსვლასაც. უბრალოდ, ერთი რამ ვერ გათვალეს, რომ უმძიმესს დანაშაულებებს შეცდომის დონეზე რომ ჩამოაქვეითებ ამას ხალხში, უფრო უარყოფითი რეაქციები მოჰყვება და ძალიან სამართლიანადაც. ამ კლიპის შემხედვარე ვიფიქრე, რომ როგორც ყორანი არ გათეთრდება და როგორც კუდი ძაღლისა არ განემართება, ისე – ძალადობრივი და დანაშაულებრივი რეჟიმის შემოქმედები, მაღალი თუ დაბალი რგოლი, ვერ გამოსწორდება და ვერ ჩადგება ქვეყნის სამსახურში. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ გვყავს ოპოზიციის ასეთი ნაწილი, რომელიც ღირსეულ ოპონირებას ვერასდროს ვერ გაუწევს ხელისუფლებას, რომელიც ხელისუფლებაში სწორედ ადამიანის უფლებების ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმებით და აგრძელებს ამ რეფორმას”, – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.
​სოფო კილაძემ განცხადება ბავშვის უფლებათა კოდექსზეც გააკეთა, რომელიც ძალაში დღეიდან, 1-ელი სექტემბრიდან შევიდა.
„გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება გვქონდა, რომელმაც კიდევ ერთხელ გამოაჩინა, რომ ჩვენი ბავშვების დაცვის უდიდეს საქმეში, ჩვენი დასავლელი პარტნიორები – აშშ, ევროკავშირი, UNICEF, გერმანია, დიპლომატიური კორპუსის ყველა წარმომადგენელი, რომელსაც გული შესტკივა ჩვენს ქვეყანაზე სწორედ ჩვენს გვერდით არის და მათი დიდი ძალისხმევით ჩვენ მოვახერხეთ მოსამზადებელი, იმპლემენტაციის ეტაპის განხორციელება და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს რეფორმა ერთ ადგილზე არ გაიყინოს და ჩვენ ყოველ წელს ბევრი მნიშვნელოვანი სიახლე დავამატოთ ჩვენი ბავშვების კეთილდღეობისთვის”, – განაცხადა სოფო კილაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები