“ჯორჯიან მანგანეზის” ინიციატივით, სვერის სათავგადასავლო ბანაკში ცოცვის ფესტივალი გაიმართა (ფოტო, ვიდეო)
სვერის სათავგადასავლო ბანაკში, “ჯორჯიან მანგანეზის” ინიციატივითა და Georgian Climbers Club-ის ორგანიზებით, ცოცვის ფესტივალი გაიმართა. ფესტივალი ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და 30 აგვისტოს დასრულდა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს პროფესიონალმა მეკლდეურებმა, მედიის წარმომადგენლებმა და მოყვარულებმა.
პირველი ადგილი ანასტასია კოროლენკოს ერგო, გამარჯვებულებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
კლდეზე ცოცვის გარდა, ბანაკში გაიმართა რაფტინგი, ველოტური, სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულმა სტუმრებმა ისტორიული ადგილები მოინახულეს. ბანაკის წევრებმა ღამე კარვებში, საპიკნიკე პირობებში გაატარეს.
„ფესტივალის მიზანია მეკლდეურობის, როგორც ექსტრემალური სპორტის ერთერთი სახეობის პოპულარიზაცია და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება. ფესტივალი, ასევე, მიზნად ისახავდა სათავგადასავლო ტურიზმის პოპულარიზაციას. აღნიშნული ფესტივალი „ჯორჯიან მანგანეზის“ ინიციატივითა და სპონსორობით ჩატარდა. ეს იყო ორდღიანი ღონისძიება. პირველ დღეს იყო სტუმრების მიღება, გართობა, მუსიკა, ასევე, სპორტული კუთხით მეორე დღისთვის მომზადება. ფესტივალის ბოლოს კი გაიმართა დაჯილდოების ცერემონია“, – აღნიშნა სვერის სათავგადასავლო ბანაკის დამფუძნებელმა, ლევან გოგოლაძემ.
ფესტივალზე სრულად იქნა დაცული COVID19-თან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ყველა რეკომენდაცია. ბანაკი აღჭურვილი იყო თერმოსქრინინგით, სადეზინფექციო საშუალებებით, გამაფრთხილებელი ნიშნულებითა და დეზობარიერებით.
ექსტრემალური სპორტის სახეობის – მეკლდეურობის განვითარებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობის მიზნით, “ჯორჯიან მანგანეზი” უკვე წლებია, როგორც ფინანსურ, ასევე, სხვა სახის მხარდაჭერას უცხადებს ადგილობრივ მეკლდეურებსა და მოყვარულ სპორტსმენებს.