„საქართველოს მთავრობამ სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებით სწორი გადაწყვეტილება მიიღო“

ბრიუსელში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში, საქართველოს მთავრობის პოლიტიკა შეაფასა. აპატურაის თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ღია კარის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით უცვლელი რჩება და ეს არის თემა, რასაც  ალიანსის წევრები პოზიციას არ შეიცვლიან.
რასმუსენის სპეციალური წარმომადგენლის განმარტებით, რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების შესახებ საქართველოს ხელისუფლების ხედვა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში დადებითად არის შეფასებული. ჯეიმს აპატურაიმ კომენტარი სოჭის მოახლოებულ ოლიმპიადაზეც გააკეთა. მისი თქმით, ოლიმპიადაში საქართველოს მონაწილეობა, ქვეყნის მთავრობის მხრიდან სწორი და მართებული გადაწყვეტილებაა.
„რა თქმა უნდა, სპორტი ყოველთვის არის შესაძლებლობა რომ პოლიტიკას გასცდე. იმ ქვეყნების წარმომადგენლებისთვის, რომლებიც, როგორც წესი, დიპლომატიის და სამხედრო სფეროში არ თანამშრომლობენ, ეს შეხვედრის შესაძლებლობაა. ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ რჩება ძლიერი და ფაქტი, რომ ნატოს სამხედრო კომიტეტი საქართველოს სოჭის ოლიმპიადის დროს  ეწვევა, შესაძლოა უშუალოდ სოჭთან დაკავშირებული პოლიტიკური გზავნილი არ იყოს, მაგრამ ეს ნამდვილად არის გზავნილი იმისა, რომ ჩვენ საქართველოს მხარს ვუჭერთ და ეს მიდგომა არ შეიცვლება. თუ საქართველოს მონაწილეობა ოლიმპიადაში იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ქართველებმა და რუსებმა უკეთ გაუგონ ერთმანეთს, ეს ყველასთვის სასარგებლო იქნება და ვფიქრობ, საქართველოს მთავრობის მხრიდან მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება, ნადვილად სწორი იყო. საქართველოს ნაკრებს ოლიმპიადაზე წარმატებას ვუსურვებ“, –  განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები