კახა კალაძე: გასული წლების განმავლობაში, მნიშვნელოვნად გაიზარდა ხელისუფლების მიერ, როგორც ქედის მუნიციპალიტეტის დაფინანსება, ისე განხორციელებული პროგრამებისა და პროექტების რაოდენობა

გასული წლების განმავლობაში, მნიშვნელოვნად გაიზარდა ხელისუფლების მიერ, როგორც ქედის მუნიციპალიტეტის დაფინანსება, ისე განხორციელებული პროგრამებისა და პროექტების რაოდენობა, – ამის შესახებ თილისის მერმა, კახა კალაძემ, ქედაში განაცხადა, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ მოსახლეობას ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ანზორ ბოლქვაძე და აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ფრიდონ ფუტკარაძეს წარუდგენა.

“ჩემთვის დიდი პატივია მოგმართოთ თქვენ, თავისუფალ, დაუღალავ, ენერგიულ და შეუპოვარ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად ეზიარებით ფლორისა და ფაუნის ამ საოცრებას, ინარჩუნებთ და უფრთხილდებით წინაპართა დანატოვარს, ტრადიციებს, ამავდროულად კი ყოველდღიურად იღწვით თქვენი ოჯახების, კუთხისა და ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის.

ალბათ, ყველანი დამეთანხმებით, რომ „ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, ქედის მუნიციპალიტეტში, ისევე, როგორც, მთლიანად მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები ადამიანების მიმართ დამოკიდებულება ფუნდამენტურად შეიცვალა, რა თქმა უნდა , უკეთესობისკენ. დღეს, ისე, როგორც არასდროს, ხელისუფლებისგან განსაკუთრებული ყურადღება გექცევათ და ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ სახელმწიფო სიკეთეებით თითოეულმა თქვენგანმა მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ!

გასული წლების განმავლობაში, მნიშვნელოვნად გაიზარდა ხელისუფლების მიერ, როგორც ქედის მუნიციპალიტეტის დაფინანსება, ისე განხორციელებული პროგრამებისა და პროექტების რაოდენობა. ამ ძალისხმევის, მათ შორის მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების, შედეგად საგრძნობლადაა გაზრდილი ამ მხარის ტურისტული პოტენციალი და ამ სექტორიდან მოსახლეობის მიერ მიღებული შემოსავალი.

ხელისუფლების გათვლებითა და ხელშეწყობით, ტურიზმის სფეროდან მიღებული შემოსავალი კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს, რადგან მხარე განსაკუთრებულად გამორჩეულია ამ ულამაზესი ბუნებით, უნიკალური გასტრონომიული კულტურითა და ავთენტურობით, რაც ტურიზმის განვითარებისთვის ნაყოფიერ ნიადაგს წარმოადგენს,”- განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, ერთიანი ძალისხმევით პრობლემების და გამოწვევების დაძლევა შესაძლებელია.

“ჩვენ ყველა მიმართულებით გვაქვს მიღწევები, წინ გადადგმული ნაბიჯები, განხორციელებული პროგრამები, ავიღოთ ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, განათლება , მაგრამ ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ არსებობს პრობლემები და გამოწვევები. რა თქმა უნდა, ერთიანი ძალისხმევით შესაძლებელია ყველა პრობლემისა და გამოწვევის გადალახვა, როგორც 2012 წელს, როდესაც დაიწყო პარტიამ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” მოღვაწეობა, ყველა გავერთიანდით მისი დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ და ძალიან ბევრ გამარჯვებას მივაღწიეთ.

დარწმუნებული ვარ არჩევნებში, რომელიც ახლოვდება 31 ოქტომბერს, ჩვენ შევძლებთ გავიმარჯვოთ ერთად,”- განაცხადა კახა კალაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები