“არანორმალური ვითარებაა, როცა ერთ-ერთი მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერი მუდმივად ჩამოსვლაზე საუბრობს, მერე ვერ ჩამოდის, რადგან აქ დაჭერა ემუქრება”
“არანორმალური ვითარებაა, როცა ერთ-ერთი მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერი მუდმივად ამბობს, რომ ჩამოვალ, მერე ვერ ჩამოდის, რადგან აქ დაჭერა ემუქრება”,-ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
„აქ მთავრობა იძახის, რომ ვერ ჩამოვა ან დავიჭერთ, ეს არის აბსოლუტურად არანორმალური ვითარება, რაც ივანიშვილის ხელისუფლების დამარცხებასთან ერთად უნდა დავასრულოთ.
არც ერთი პოლიტიკური ფიგურა ამ მდგომარეობაში არ უნდა იყოს. რა მოხდება, რეალური რა არის, ვერაფერს გეტყვით. ერთადერთი რაც ვიცი, რომ აქამდე ბევრჯერ ითქვა ასეთი რამე მისი მხრიდან და ვერ განხორციელდა. თავისთავად, არანორმალურია, როცა ცენტრალური დისკუსიის საკითხია, ეს პოლიტიკური ფიგურა ჩამოვა თუ არა, არა ამ პოლიტიკური ფიგურის გამო, არამედ იმ პოლიტიკური კლიმატის გამო, რაც შექმნა ივანიშვილის რეჟიმმა, შემდეგ როგორც იყენებს ამ ვითარებას. საქართველოში ივანიშვილის მარცხთან ერთად ეს აუცილებლად დასრულდება“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ცნობისათვის, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ყოფილი პრეზიდენტი საზოგადოებას ბოდიშს უხდის მის მიერ დაშვებული შეცდომების გამო და აცხადებს, რომ ის დაბრუნდება.