2020 წელს, რთველის პერიოდში, ღვინის ეროვნული სააგენტო კახეთის რეგიონში მცხოვრებ სტუდენტებს ღვინის საწარმოებში ოპერატორის პოზიციაზე დაასაქმებს.
სააგენტოს ცნობით, 120 სტუდენტი, კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო სასწავლებლებში ჩატარებული გასაუბრებების შედეგად შეირჩა. შერჩეულ კანდიდატებს, რთველის აღრიცხვის პროგრამის ტრენინგები რთველის საკოორდინაციო შტაბში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისმა სპეციალისტებმა ჩაუტარეს.
რთველის აღრიცხვის პროგრამა ქვეყანაში 2013 წლიდან მუშაობს. პროგრამა უზრუნველყოფს ჩაბარებული ყურძნის შესახებ სრული ინფორმაციის და ზუსტი მონაცემების შეგროვებას. აღნიშნული პროგრამა ხელს უწყობს ყურძნის ჩაბარების პროცესის გამჭვირვალობას, რაც მაღალი ხარისხის ღვინის წარმოებისთვის მნიშვნელოვანია.
“შერჩეული ახალგაზრდების ნაწილს, ანალოგიური სამუშაო გამოცდილება გასული წლების რთველიდან უკვე აქვს. სტუდენტები, ღვინის საწარმოებში, საცხოვრებელი ადგილის შესაბამისად განაწილდებიან. ღვინის საწარმოებში ოპერატორის პოზიციაზე დასაქმებული ახალგაზრდების ანაზღაურება, თვეში 900 ლარამდე იქნება,”- ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.