მარნეულის “ჯეო ჰოსპიტალსის” სამშობიარომ და ამბულატორიულმა ცენტრმა განმეორებითი პერინატალური რეგიონალიზაცია წარმატებით გაიარა
მარნეულის ,,ჯეო ჰოსპიტალსის“ სამშობიარომ და ამბულატორიულმა ცენტრმა განმეორებითი პერინატალური რეგიონალიზაცია წარმატებით გაიარა. აღსანიშნავია, რომ “ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკა რეგიონში ერთადერთი პერინატალური ცენტრია, რომელსაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მინიჭებული აქვს 34 კვირამდე მშობიარობის მიღებისა და მაღალი რისკის ახალშობილთა მართვის უფლება.
“ეს სამედიცინო სერვისი სტრატეგიულად მნიშვნელოვანია მთელი რეგიონისთვის, რადგან ცენტრი ადგილზე უზრუნველყოფს გართულებული ნაადრევი მშობიარობების მართვას და სპეციალიზებულ, მაღალტექნოლოგიურ მომსახურებაზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობას. ამავდროულად, ქვემო ქართლის რეგიონში ერთადერთი ახალშობილთა რეანიმაციული განყოფილება ემსახურება როგორც კლინიკის, ასევე, რეგიონის სხვა დაწესებულებებიდან გადმოყვანილ დღენაკლულ და დაავადებულ ახალშობილებსაც“- განაცხადა მარნეულის “ჯეო ჰოსპიტალსის” სამშობიარო და ამბულატორიული ცენტრის დირექტორმა, სოსო მგალობლიშვილმა, რომლის თქმით აღნიშნული სერვისების ერთობლიობა რეგიონში ახალშობილთა კომპლექსური მოვლის საუკეთესო მაგალითია.
კოვიდეპიდემიის სიტუაციის მიუხედავად, მაღალკვალიფიციურ ექიმთა გუნდით დაკომპლექტებული ცენტრი ბენეფიციარებს უსაფრთხო გარემოში ემსახურება, რაც ადგილობრივი მოსახლეობისათვის საჭირო სამედიცინო მომსახურების შეუფერხებელი მიწოდების შესაძლებლობას იძლევა. აღსანიშნავია, რომ მარნეულის სამშობიარო და ამბულატორიულ ცენტრში მშობიარობა ფინანსურად ხელმისაწვდომია და სრულად ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში.