„დღეს ძალიან დიდი დღეა ჩვენს ეპარქიაში და სრულიად საქართველოში” – ცაგერში „მაქსიმობა“ აღინიშნა

ცაგერის მუნიციპალიტეტში ღვთისმეტყველის, მსოფლიო მართლმადიდებლობის უდიდესი წმინდანის, მაქსიმე აღმსარებლის ხსენების დღე აღინიშნა. ცაგერის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში „მაქსიმობის“ დღესასწაულისადმი მიძღვნილი წირვა – ლოცვა ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ მღვდელმთავრებთან-ტყიბულის და თერჯოლის მიტროპოლიტ, გიორგისთან,ზუგდიდის და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმესთან,ნიკორწმინდელ ეპისკოპოსთან ვახტანგთან და ჭყონდიდელ ეპისკოპოთან ს გრიგოლთან ერთად აღავლინა.

წირვის დასრულების შემდეგ მრევლმა, სასულიერო პირებთან ერთად , მურის კლდეკარში, წმინდანის საფლავზე ლიტანიობით გადაინაცვლა. მურის მისადგომებთან სპეციალურად მოწყობილ საპატიო დერეფანში საქართველოს დროშებით ანსამბლ ,,ლეჩხუმის” მოცეკვავეები მომლოცველებს ზეიმით შეეგებნენ.

მაქსიმე აღმსარებლის სახელობის მონასტერში,სადაც წმინდანის წმინდა ნაწილები განისვენებს, ცაგერისა და ლენტეხის და ასევე სტუმრად ჩასულმა სასულიერო პირებმა მოსახსენიებელი პარაკლისი აღავლინეს.

ლეჩხუმში „მაქსიმობაზე“ მოსალოცად მრევლი საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩავიდა. დღესასწაულზე იმყოფებოდა რაჭა-ლეჩხუმ- სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ უგრეხელიძე,საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გუგავა და სხვა ხელმძღვანელი პირები.

ლალი კლდიაშვილი, რომელიც იმერეთიდან თერჯოლიდან მოსალოცად ცაგერში ჩავიდა, „რეგიონულ კვირასთან“ ამბობს, რომ წმინდანზე და მის სასწაულებრივ ძალაზე უამრავი რამ სმენია.

“აქ თერჯოლიდან მრევლი ყოველ წელს ჩამოვდივართ, ყველას გილოცავთ ამ დღესასწაულს!მრავალს დაესწარით“.

„დღეს ლეჩხუმი „მაქსიმობას,“მსოფლიო მნიშვნელობის წმინდანის დღეს აღნიშნავს.წმინდანის ხსენება წელიწადში ორჯერ, 3 თებერვალსა და და 26 აგვისტოს აღინიშნება ,დღეს , წმინდა ნაწილების აღმოყვანის დღეა, რომელიც მისივე სახელობის მამათა მონასტერშია დაბრძანებული. მინდა, დღევანდელი დღე სრულიად საქართველოს მივულოცო, ასევე ლეჩხუმელებს და იმ უამრავ სტუმარს, რომელიც აქ მოსალოცად მოვიდნენ. გილოცავთ კიდევ ერთხელ , შეგეწიოთ წმინდა მაქსიმე აღმსარებელი“,-განაცხადა დღესასწაულზე მყოფმა რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ.

„დღეს ძალიან დიდი დღეა ჩვენს ეპარქიაში და სრულიად საქართველოში აღვნიშნავთ მაქსიმე აღმსარებლის ხსენებას, რომელიც თავისივე სახელობის ამ მონასტერშია დასვენებული.ამდენი მომლოცველი მოვიდა და მადლობა ყველას. მთელი საქართველო დალოცოს წმინდა მაქსიმემ“,-განაცხადა ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფენემ.

ღირსი მაქსიმე აღმსარებელი (დ. 580 — გ. 13 აგვისტო, 662) — ბიზანტიელი ქრისტიანი წმინდანი. დაიბადა კონსტანტინოპოლში, კეთილმსახურ ქრისტიანთა ოჯახში. წმიდა მაქსიმემ იწინასწარმეტყველა თავისი აღსასრული და გარდაიცვალა 662 წლის 13 აგვისტოს. მის საფლავზე ღამღამობით სამი ლამპარი ინთებოდა და მრავალი კურნება აღესრულებოდა. წმიდა მაქსიმე დასაფლავებულია ქ. ცაგერში. მისი ხსენების დღე ლეჩხუმში ორჯერ -თებერვალსა და აგვისტოში აღინიშნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები