ჟოზე მანუელ ბაროზომ მავთულხლართების გავლების პროცესის გამო შეშფოთება გამოთქვა
ჟოზე მანუელ ბაროზომ მავთულხლართების გავლების პროცესის გამო შეშფოთება გამოთქვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ევროკომისიის პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა. მხარეებმა შეხვედრის შედეგები შეაჯამეს და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მნიშვნელოვანი და საინტერესო უწოდა შეხვედრას, რომელზეც საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული ძირითადი მიმართულებები იქნა განხილული. მისივე თქმით, დასაფასებელია ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს ევროინტეგრაციის კურსისადმი. “საქართველოსთვის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა უახლოეს პერიოდში. ველით, რომ ეს განხორციელდება მიმდინარე წლის შემოდგომის დასაწყისისთვის, როგორც ეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპუიმ განაცხადა ახლახანს. ჩვენი მხრივ, ვახორციელებთ ყველა საჭირო პროცედურას,”-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მანვე ისაუბრა სავიზო დიალოგზე და აღნიშნა, რომ მისასალმებელია ევროკომისიის მხრიდან საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელებაში მიღწეული პროგრესის დადებითად შეფასება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, რუსეთის მხრიდან მზარდი ზეწოლის ფონზე, განსაკუთრებულ მნიშვნელოვანია ევროკავშირის როლი საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის პროცესში. თავის მხრივ ევროკომისიის პრეზიდენტმა კმაყოფილებით აღნიშნა, რომ მიესალმება ვიზების ლიბერალიზაციის კუთხით საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს. მანვე მიუთითა, რომ ასოცირების ხელშეკრულებას ხელი მოეწერება არსებული ევროკომისიის მუშაობის ვადებში. ჟოზე მანუელ ბაროზომ სიტყვით გამოსვლისას შეშფოთება გამოთქვა მავთულხლართების გავლების პროცესის გამო და განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების გზით გაგრძელდეს დიალოგი.