თეა ახვლედიანი: ჩვენი ხელისუფლების ერთერთი მთავარი პრიორიტეტი ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვა და ინტეგრაციაა – ტრენინგპროექტი მიზნად ისახავს ამ სფეროში ჩართული აქტორების ცნობიერების ამაღლებას
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და ორგანიზებით, ბორჯომში ორდღიანი ტრენინგი თემაზე – “დეზინფორმაციის ზეგავლენა სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესზე და მისი პრევენციის მნიშვნელობა”, გაიხსნა.
როგორც “კვირას” შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, ღონისძიებაში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მოქმედი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ. მონაწილეები ორდღიანი ტრენინგის განმავლობაში გაეცნობიან დეზინფორმაციის სოციალური ზეგავლენის ნეგატიურ შედეგებს და მათი გავრცელების პრევენციის სტრატეგიებზე იმსჯელებენ.
„დეზინფორმაცია 21-ე საუკუნის მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რასაც ხშირად მიმართავენ რათა გამოწვეულ იქნას საზოგადოებრივი აზრის პოლარიზება, წახალისებულ იქნას სიძულვილის ენა და ექსტრემიზმი, რასაც შეუძლია დააზიანოს დემოკრატიული პროცესები და შეამციროს მათ მიმართ ნდობა. საქართველოს სტაბილური დემოკრატიის განვითარებისთვის ჩვენი ხელისუფლების ერთერთ მთავარ პრიორიტეტს კი წარმოადგენს ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვა და მათი ინტეგრაცია, შესაბამისად სახელმწიფო მინისტრის აპარატის აღნიშნული ინიციატივა ამ ტრენინგპროექტისა, მიზნად ისახავს ამ სფეროში ჩართული აქტორების ცნობიერების შემდგომ ამაღლებას, დეზინფორმაციასთან ბრძოლის და მისი პრევენციის თვალსაზრისით, “-განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა.
ტრენინგი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან და კომუნიკაციების კომისიასთან თანამშრომლობით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG), „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის” (PITA) მხარდაჭერით ხორციელდება.