კომპანია ,,ქართლი ტექსტილი“ რუსთავში მკერავთა გადამზადების პროგრამას ახორციელებს

კომპანია ,,ქართლი ტექსტილი“ რუსთავში ახალ სამკერვალო საწარმოში დასასაქმებელ პირთა გადამზადების პროგრამას ახორციელებს. დასაქმების მსურველთა გადამზადების პროგრამის მიმდინარეობას რუსთავის მერი – ირაკლი ტაბაღუა გაეცნო.

რუსთავის მერი მშენებარე საწარმოს მიმდებარე ტერიტორიაზე გახსნილ გადამზადების ცენტრს ესტუმრა, სადაც საწარმოო პრაქტიკას, საწყის ეტაპზე, 120 მკერავი გადის. გადასამზადებელი პირების შერჩევა, კომპანია ,,ქართლი ტექსტილმა“ შემდგომი დასაქმების პერსპექტივით, რუსთავის მერიის უშუალო ჩართულობითა და ხელშეწყობით განახორციელა.

,,პირველ რიგში, მისასალმებელია, რომ ქალაქში ასეთი მასშტაბის საწარმო შენდება. ჩვენ ვხედავთ, რომ ,,ქართლი ტექსტილის“ სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, პარალელურად, გარე პერიმეტრზე, სპეციალურად მოწყობილ სივრცეში, ხდება იმ პირთა გადამზადება, რომლებიც შემდგომში შეძლებენ ამ კომპანიაში მუშაობას. ეს სამუშაო ადგილები ცოტა არ არის, იმედი მაქვს, რომ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები იაქტიურებენ, ძირითადად მკერავებზეა საუბარი, გაივლიან ოცდღიან გადამზადების პროგრამას და იმუშავებენ ამ ახალ საწარმოში“, – განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

,,ქართლი ტექსტილის“ წარმოების დირექტორის, გიორგი გოგოლიშვილის განცხადებით, ნებისმიერ მსურველს, ვისაც სურს დაეუფლოს მკერავის პროფესიას ან გაიუმჯობესოს პროფესიული უნარ-ჩვევები, შეუძლია ჩაერთოს გადამზადების პროგრამაში.

,,მშენებლობა სრული დატვირთვით მიმდინარეობს. ვფიქრობთ, რომ ოქტომბრის ბოლოს წარმოება უკვე გაიხსნება და პირველ ეტაპზე დავასაქმებთ 1000-დან 1500-მდე თანამშრომელს, ამისთვის უკვე დავიწყეთ გადამზადების პროგრამა. ამ ეტაპისთვის, 120 ადამიანი გადის გადამზადების კურსს. მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ მათ, ვისაც გადამზადების გავლის სურვილი აქვს, ამიტომ დღის განმავლობაში, ორ ეტაპად მიმდინარეობს სწავლება, დილით და საღამოს. ქალაქ რუსთავის მერიის დახმარებით, შევძელით, პირდაპირი მესიჯი გაგვეგზავნა ადგილობრივ მოსახლეობასთან, გაგვეცნო მათთვის ჩვენი კომპანია, ასევე ჩვენთან დასაქმების პირობების შესახებ ინფორმაცია მიგვეწოდებინა. ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ მოგვეძიებინა ადგილობრივი კადრები“, – განაცხადა გიორგი გოგოლიშვილმა.

სამკერვალო საწარმოს პრეზენტაცია რუსთავში გასულ თვეში გაიმართა. „ქართლი ტექსტილს’’ რუსთავში, გაგარინის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწის ფართობი სახელმწიფომ გადასცა. ინვესტიციის საერთო მოცულობა 20 მილიონი ლარია, საიდანაც ნახევარი ეკონომიკის სამინისტროს – „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში მიღებული სესხია. პირველ ეტაპზე, აქ 1000 ადამიანი დასაქმდება, ხოლო მეორე ეტაპზე, მათი რაოდენობა 3000-მდე გაიზრდება. საწარმო – „ქართლი ტექსტილი“ „აჭარა ტექსტილს“ ეკუთვნის, რომელსაც ბათუმში, ფოთსა და ქობულეთში სამი სამკერვალო ფაბრიკა აქვს. წარმოება თანამშრომლობს ისეთ ცნობილ ბრენდებთან,როგორებიცაა: ადიდასი, ნაიკი და პუმა.

„აჭარა ტექსტილი“ წლიურად 15 მლნ-ზე მეტი ერთეული პროდუქციის წარმოებასა და ექსპორტს ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები