საგამოძიებო სამსახურმა ხორცის ნახევარფაბრიკატების ფალსიფიკაციის ორი ფაქტი გამოავლინა და ორი კომპანიის დირექტორი პასუხისგებაში მისცა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმის სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ხორცის ნახევარფაბრიკატების ფალსიფიკაციის ორი ფაქტი გამოავლინეს და ორი კომპანიის დირექტორი რ.თ. და კ.კ. პასუხისგებაში მისცეს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, საწარმოს მიერ ნახევარფაბრიკატების წარმოებისას განიზრახეს, დამზადებული პროდუქციის რაოდენობის ზრდისა და შესაბამისი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, შეემცირებინათ პროდუქციის წარმოების ხარჯი და ახდენდნენ წარმოებისათვის აუცილებელი ინგრედიენტების ჩანაცვლებას სხვა იაფფასიანი პროდუქტით.
“ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ფალსიფიცირებულ-თვისობრიობა შეცვლილ საკვებ პროდუქტში ტენის, ცილის, ცხიმის, ნახშირწყლების მასიური წილი და ენერგეტიკული ღირებულება არ შეესაბამებოდა ეტიკეტზე მითითებულ მონაცემებს.
აღნიშნული კატეგორიის დანაშაულისათვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ვადით”,- ნათქვამია ინფორმაციაში.