მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაზრდის ახალი პროგრამა ჯამში საქართველოს 40 ათასამდე მოქალაქეს შეეხება, რომელიც ონკოლოგიური პაციენტია
ონკოლოგიური პაციენტებისთვის მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაზრდის ახალი პროგრამა ჯამში საქართველოს 40 ათასამდე მოქალაქეს შეეხება, რომელიც ონკოლოგიური პაციენტია.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტების სია ფართოვდება და შესაბამისად, მედიკამენტებზე გამოყოფილი წლიური ლიმიტის 8 000 ლარით გაზრდის გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.
როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, ეს არის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი უაღრესად მნიშვნელოვანი პროგრამის გაუმჯობესების დამატებითი კომპონენტი, რაც ონკოლოგიურ პაციენტებს მისცემს შესაძლებლობას, მკურნალობის სრული კურსი სახელმწიფოს დაფინანსებით ჩაიტარონ.
„ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა ქვეყანაში სამწუხაროდ ჯერ კიდევ რჩება პრობლემურად, განსაკუთრებით ონკოლოგიურ დაავადებათა მკურნალობის თვალსაზრისით. დღემდე პრობლემა იყო მეოთხე ეტაპი, როდესაც სიმსივნის გამოვლენის შემთხვევაში ჩვენს მოქალაქეებს მკურნალობის გარკვეულ ეტაპზე სახსრების გაღება საკუთარი ჯიბიდან უწევდათ. დღეის მდგომარეობით, ეს პროგრამა 8 000 ლარით იზრდება, რაც ფაქტობრივად ჩვენს თითოეულ მოქალაქეს, რომელიც ამ მძიმე სენს ებრძვის, მისცემს შესაძლებლობას, მკურნალობის სრული კურსი ყველანაირი ჯიბიდან გადასახდელების გარეშე ჩაიტაროს. სამწუხაროდ, დღეს საქართველოს 1972 მოქალაქე სარგებლობს ამ პროგრამით და ამ ადამიანებისთვის ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი მხარდაჭერა”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და აღნიშნა, რომ ეს არის სახელმწიფოს მხარდაჭერა ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც მძიმე სენს ებრძვის და ისინი შეძლებენ, სრული მკურნალობა მიიღონ სახელმწიფოს ხარჯზე. ახალი პროგრამა ჯამში საქართველოს 40 ათასამდე მოქალაქეს შეეხება, რომელიც ონკოლოგიური პაციენტია.