“ყველა ფაქტი ჩვენს მხარესაა და ჩვენს სიმართლეს ამტკიცებს” – ისტორიკოსი, ვახტანგ გურული 1920 წლის მოვლენებისა და ფილმ “ცხინვალი 1920-ის” შესახებ

ისტორიკოსის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, ვახტანგ გურულის თქმით, 1920 წლის მოვლენებთან დაკავშირებული ფაქტები საკმარისია საიმისოდ, რომ ფილმმა – „ცხინვალი 1920“ – ნათლად წარმოაჩინოს, თუ რა მოხდა სინამდვილეში.

ისტორიკოსის განმარტებით, მოვლენები, რომელთა გენოციდად წარმოჩენასაც რუსეთი ცდილობს, მათ მიერვე პროვოცირებული, ფინანსურად და იარაღით უზრუნველყოფილი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ მიმართული აჯანყება იყო.

„ამ ფილმის გადაღება აუცილებელია. იმისათვის, რომ ის ძალიან კარგი გამოვიდეს, ყოველგვარი გადაცდომა დაუშვებელია. ერთი დამახინჯებული ფაქტიც რომ გაიპაროს, ჩვენი მოწინააღმდეგე ამაზე სპეკულაციების მთელ ჯაჭვს ააგებს. ყველა ფაქტი ჩვენს მხარეზეა და ჩვენს სიმართლეს ამტკიცებს. ეს გახლდათ რუსების მიერ პროვოცირებული, ფინანსურად და იარაღით უზრუნველყოფილი, პოლიტიკური მრჩევლებისა და სამხედრო ინსტრუქტორების მიერ უზრუნველყოფილი აჯანყება. იმ დროს ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ოსები ძალიან მცირე რაოდენობით ცხოვრობდნენ. ცხინვალში უფრო მეტი ებრაელი და სომეხი იყო, ოსები კი, სადღაც-სადღაც, სოფლებს იყვნენ მიკუთვნებული. ერთი კურიოზული ამბავიც მოხდა: როცა აფხაზეთის ავტონომია შეიქმნა, დედაქალაქად მაშინვე გამოცხადდა სოხუმი. აჭარის ავტონომიის შემთხვევაში, დედაქალაქი მაშინვე ბათუმი გახდა, ხოლო სამხრეთ ოსეთის ავტონომია ყველაზე გვიან შეიქმნა და დედაქალაქად ცხინვალი ვერ გამოაცხადეს, რადგან ის პატარა სოფელს წარმოადგენდა. ოსები აქ კიდეც რომ დაეჩაგრა ვინმეს, მათი რაოდენობიდან გამომდინარე, აჯანყებას ვერ დაიწყებდნენ. ეს იყვნენ ჩრდილო კავკასიიდან შემოგზავნილი გაწვრთნილი რაზმები, რომლებსაც, სამწუხაროდ, მოღალატე ქართული რაზმები უჭერდნენ მხარს. ასე რომ, ეს, ფაქტობრივად, გამოგონილი აჯანყება გახლდათ.“ – აღნიშნავს ისტორიკოსი.

“ზოგადი კონტექსტის უკეთ აღსაქმელად, კარგი იქნება, ფილმს წინ უძღოდეს საქართველოში ოსთა ჩამოსახლების ისტორია. ეს, ალბათ, ფილმში 2-3 წუთზე მეტს არც დაიკავებს. ჩვენ გვაქვს ყველანაირი ფაქტი, რომ თავიდან ბოლომდე მართლები ვიყოთ. ისინი შემოსახლდნენ ჩვენს ტერიტორიაზე და შემდეგ ამ ტერიტორიის ჩრდილოეთ ოსეთთან შეერთება მოითხოვეს. ეს ყოვლად წარმოუდგენელია ნებისმიერი სახელმწიფოსთვის. თავის დროზე რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა ასახლებდა აქ ამ ხალხს, რათა შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ გამოეყენებინათ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიაც მათ შექმნეს, რათა შემდეგ, ისევ და ისევ, ჩვენ წინააღმდეგ გამოეყენებინათ,“ – აცხადებს ვახტანგ გურული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები