კახა კუჭავა: საჭირო იყო ჩვენი ელჩი ჩაფრენილიყო იქ, სადაც არის მისი სამუშაო ადგილი და ამ საჭიროებიდან გამომდინარე დაინიშნა ცალკე რეისი
“ეს არ იყო სპეცრეისი, ეს იყო ჩვეულებრივი ჩარტერული რეისი, რომელიც ხორციელდება პანდემიასთან დაკავშირებით”,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა კახა კუჭავამ ტვ ,,რუსთავი 2″-ის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ნებისმიერი ფრენები ჩარტერული რეისით ხორციელდება.
,,ეს არ იყო პირველი. მსგავსი რეისები ბევრჯერ განხორციელებულა. ამიტომ მცდელობა, რომ არაფრისგან დავხატოთ ბუნდოვანება, არის აბსოლუტურად გაუმართლებელი. დამალული არაფერია და დღეს პირდაპირ იქნა განმარტებული, თუ რატომ დაიგეგმა ეს რეისი. როცა მთავრობას და ხელისუფლებას სჭირდება და არ არის საშუალება კომერციული რეისი დაინიშნოს, მაშინ იყენებენ ამ სამთავრობო თვითმფრინავს. ესაა სამთავრობო თვითმფრინავის დატვირთვა. გაუგებარი რატომ უნდა იყოს, რომ ელჩმა გამოიყენა სამთავრობო თვითმფრინავი, რადგან იყო საჭიროება, ჩაფრენილიყო ბელორუსში თავისი მოვალეობის შესასრულებლად. ფაქტი ისაა, რომ ჩვენი ელჩი იმყოფებოდა საქართველოში, საჭირო იყო ჩაფრენილიყო იქ, სადაც არის მისი სამუშაო ადგილი და ამ საჭიროებიდან გამომდინარე დაინიშნა ცალკე რეისი”, – განმარტა კახა კუჭავამ.
ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოდან 16 აგვისტოს ბელარუსში განხორციელებულ ფრენაზე განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია – “ბელორუსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მ.წ. 6 აგვისტოდან იმყოფებოდა საქართველოში. ბოლო დღეებში ბელორუსის რესპუბლიკაში განვითარებული მოვლენების გამო საჭირო გახდა მისი მყისიერი დაბრუნება მინსკში. გამომდინარე იქიდან რომ ბელორუსთან შეზღუდულია საჰაერო მიმოსვლა და ელჩი საჭიროებდა მოკლე დროში მინსკში ჩასვლას მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მისი სამთავრობო თვითმფრინავით გამგზავრების შესახებ”.