“ჩვენი ელჩი ბელარუსში ბრუნდებოდა თავისი დანიშნულების ადგილას, საერთოდ არ მესმის ამ საკითხის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი რა მიზანს ისახავდა”,- ასე გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა საქართველოდან 16 აგვისტოს ბელარუსში განხორციელებულ ფრენას.
მინისტრის თქმით, თბილისსა და მინსკს შორის ამ თვეში ჩარტერული რეისები პერიოდულად ხორციელდება.
“თბილისსა და მინსკს შორის ამ თვეში პერიოდულად ხორციელდება ჩარტერული რეისები. თქვენი ტერმინით, ეს სპეცრეისია, მაგრამ ეს არის ჩვეულებრივი ჩარტერული რეისი. რამდენადაც მე ვიცი, ამაზე საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე გააკეთა განცხადება. ჩვენი ელჩი ბელარუსში ბრუნდებოდა თავისი დანიშნულების ადგილას. რაც სრულიად ბუნებრივი არის. მე საერთოდ არ მესმის ამ საკითხის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი, რა მიზანს ისახავდა”, – განაცხადა ნათია თურნავამ.
ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოდან 16 აგვისტოს ბელარუსში განხორციელებულ ფრენაზე განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია – “ბელორუსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მ.წ. 6 აგვისტოდან იმყოფებოდა საქართველოში. ბოლო დღეებში ბელორუსის რესპუბლიკაში განვითარებული მოვლენების გამო საჭირო გახდა მისი მყისიერი დაბრუნება მინსკში. გამომდინარე იქიდან რომ ბელორუსთან შეზღუდულია საჰაერო მიმოსვლა და ელჩი საჭიროებდა მოკლე დროში მინსკში ჩასვლას მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მისი სამთავრობო თვითმფრინავით გამგზავრების შესახებ”.