თეა წულუკიანი: საქართველოს კანონი მეწარმეთა შესახებ სრულიად თავისუფალ, განჭვრეტად ატმოსფეროსა და ბიზნესკლიმატს შექმნის
“ამ კანონით იქმნება სრულიად თავისუფალი, რეგულირებული, განჭვრეტადი ატმოსფერო და ბიზნესკლიმატი“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მეწარმეთა შესახებ ახალ კანონზე საუბრისას განაცხადა.
მინისტრი დარწმუნებულია, რომ კანონს პარლამენტში ფართო მხარდაჭერა ექნება.
„დღეს ჩვენ დავასრულეთ სრულიად ახალ კანონპროექტზე მუშაობის მრავალწლიანი პროცესი, რომელსაც ჰქვია – საქართველოს კანონი მეწარმეთა შესახებ. ჩვენ ამ კანონით, რომელსაც დარწმუნებული ვარ, პარლამენტში ფართო მხარდაჭერა ექნება, ჩავანაცვლებთ 1994 წელს მიღებულ, მეწარმეთა შესახებ კანონს, რომელიც, მიუხედავად 2008 წელს განხორციელებული ცვლილებებისა, საერთოდ არ პასუხობს თანამედროვეობას, ბიზნესწრეების ინტერესებსა და გამჭვირვალობისა და განჭვრეტადობის ფუძემდებლურ პრინციპებს, რომელიც თავისუფალი მეწარმეობისთვის აუცილებელია.
ამ პროექტზე, რა თქმა უნდა, ვიმუშავეთ თავად ბიზნესასოციაციებთან, საჯარო რეესტრსა და მის რეგისტრატორებსა და დაინტერესებულ უწყებებთან იმისთვის, რომ შეგვეთავაზებინა ევროპული სტანდარტის კანონის პროექტი ჩვენი საზოგადოებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ძალიან ბევრი ახალი რეგულაცია შემოდის, რომელიც არასავალდებულო ხასიათისაა, ანუ დისპოზიციურია, მაგრამ ხელმძღვანლობას გაუწევს როგორც მეწარმეებს, ასევე, მოსამართლეებს – დავის შემთხვევაში. რასაკვირველია, არის იმპერატიული ნორმებიც, მაგრამ ამ კანონით იქმნება სრულიად თავისუფალი, რეგულირებული და განჭვრეტადი ატმოსფერო და ბიზნესკლიმატი“, – განაცხადა წულუკიანმა.