ბექა ლილუაშვილი: თვითდასაქმებულებისთვის არასოდეს არცერთ ხელისუფლებას ყურადღება არ დაუთმია, არანაირი დახმარება არ გაუცია – ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ კრიზისის დასაწყისშივე
“ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, მათ შორის, საქართველოს პრემიერმინისტრს პარლამენტის ტრიბუნიდანაც აღუნიშნავს, რომ თვითდასაქმებული ადამიანები არიან ჩვენი საზოგადოების ის ნაწილი, რომლებზეც არასოდეს არცერთ ხელისუფლებას ყურადღება არ დაუთმია და არანაირი დახმარება, მათ შორის, კრიზისების დროს არ გაუცია, ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ კრიზისის დასაწყისშივე”, – ამის შესახებ პრემიერმინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ყველა ის ადამიანი, ვინც შეავსო განაცხადი, მიუხედავად იმისა, იყო თუ არა წარმოდგენილი დოკუმენტაცია სრული, მიიღებს 300-ლარიან კომპენსაციას.
„ჩვენ თვითდასაქმებულებს ვეხმარებით პანდემიის ეკონომიკური შედეგების გამო, შესაბამისად, ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე და ჩვენ არაერთი პრობლემური ეკონომიკური პერიოდი გვახსოვს ჩვენს ისტორიაში და ამ პერიოდების განმავლობაში მათზე აქცენტი არ გაკეთებულა. ჯერ კიდევ დასაწყისში, როდესაც ჩვენ განვახორციელეთ ასე ვთქვათ პირველი და მეორე ეტაპები ანტიკრიზისული გეგმისა, მაშინაც აქცენტი გავაკეთეთ თვითდასაქმებულებზე და მკაფიოდ ვთქვით, რომ ყველას ვინც წარადგენს შესაბამის დოკუმენტაციას, რომ მათ დაკარგეს შემოსავლის წყარო პანდემიის პირობებში, მთავრობა დაეხმარებოდა. შემდგომ უკვე, მოგვიანებით, გავაჟღერეთ მოსაზრებები, რომ ჩვენ დავეხმარებოდით ყველას, ვის იდენტიფიცირებასაც შევძლებით და შესაბამისად ამ პოლიტიკის გაგრძელებაა დღეს ის გადაწყვეტილება რაც მთავრობამ მიიღო. კონკრეტულად ყველა ის თვითდასაქმებული პირი, რომელმაც შესაბამისი პროცედურის დაცვით შეავსო განაცხადი კომპენსაციის მიღებაზე, თუმცა მათ არ ჰქონდათ შესაბამისი სტანდარტის დოკუმენტაცია, ან იყო ხარვეზი, ან არასრულფასოვნად იყო წარმოდგენილი, ან იყო წარმოდგენილი მინიმალური დამადასტურებელი საბუთი იმის შესახებ, რომ მათ პანდემიის შედეგად დაკარგეს შემოსავალი, ყველა ეს ადამიანი, დღევანდელი გადაწყვეტილების შედეგად, მიიღებს 300 ლარიან კომპენსაციას”, – აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.