“ველოდები გამოძიების დასრულებას და არავის მივცემ უფლებას, გაგრძელდეს პოლიციისა და საერთოდ მართლმსაჯულების სისტემის დელეგიტიმაციის პროცესი, რაც დღეს ჩვენ თვალწინ ხორციელდება”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, გამოძიების დასრულების შემდეგ, მას ბაჩალიაშვილის მშობლებთან შეხვედრის პრობლემა არ ექნება.
“მე მშობლებთან ერთად ველოდები გამოძიების დასრულებას და არავის მივცემ უფლებას, გაგრძელდეს პოლიციისა და საერთოდ მართლმსაჯულების სისტემის დელეგიტიმაციის პროცესი, რაც დღეს ჩვენ თვალწინ ხორციელდება. ამ ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის დელეგიტიმაცია, რასაც უპასუხისმგებლო ადამიანები მიზანმიმართულად ახორციელებენ, პირველ ყოვლისა, არის უდიდესი რისკი ჩვენი შვილების უსაფრთხოებისთვის ხვალ და არავის ამის შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ. მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მშობლებთან ერთად ყოველდღიურად ველოდები გამოძიების შედეგებს და მას შემდეგ, რაც გამოძიება დასრულდება, მე მათთან შეხვედრის არანაირი პრობლემა არ მექნება“, – განაცხადა გახარიამ.