სოზარ სუბარი: არჩილ ჯაფარიძე ჩვენი გუნდის წევრად რჩება და მალე ძალიან საპასუხისმგებლო პოსტს დაიკავებს

“რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი, არჩილ ჯაფარიძე „ქართული ოცნების“ გუნდის წევრად რჩება და ძალიან მალე საპასუხისმგებლო პოსტს დაიკავებს”, – ამის შესახებ პრემიერმინისტრის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში, სოზარ სუბარმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
მისივე თქმით, არჩილ ჯაფარიძეს თანამდებობიდან წასვლა დიდი ხნის წინ ჰქონდა გადაწყვეტილი.
„ლოგიკა და ეგეთი კავშირების გამოძებნა არასდროს გაუჭირდება ადამიანს და ყოველთვის ხდება. მას ძალიან დიდი ხანია გადაწყვეტილი ჰქონდა წასვლა. ეს რომ სტიქიასთან დაკავშირებული ყოფილიყო, ვიტყოდით, რომ ცუდად იმუშავა სტიქიის შემთხვევაში ან დაველოდებოდით და ერთი კვირის მერე გავაკეთებდით განცხადებას. ცხადია, ეს ასე არ იყო. ჩემს პირად დამოკიდებულებას გეტყვით არჩილ ჯაფარიძესთან დაკავშირებით – ერთ ერთი იმ ადამიანთაგანია, რომელსაც ძალიან ვაფასებ. ადამიანი, რომელიც არის ძალიან ერუდირებული, ძალიან მშრომელი და ძალიან თავდადებული ქვეყნისთვის და კუთხისთვის, მაგრამ მისი წასვლა, რომელიც დიდი ხნის გადაწყვეტილი ჰქონდა დაემთხვა რაჭის სტიქიას. თვითონ სტიქიის პერიოდში თვითმმართველობამაც, გუბერნიამაც და ცენტრალურმა ხელისუფლებამაც საოცარი ორგანიზებულობა და მობილიზებულობა გამოიჩინა. რეგიონს სტიქიამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა, მაგრამ ჩათვალეთ, რომ გაცილებით ნაკლებ დროში იქნება აღდგენილი ყველაფერი. ჯაფარიძე ჩვენი გუნდის წევრად რჩება და ძალიან მალე დაიკავებს ძალიან საპასუხისმგებლო პოსტს, თუმცა, მანამდე თავს შევიკავებ ამის თქმისგან“, – განაცხადა სუბარმა.
ცნობისთვის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პოსტი არჩილ ჯაფარიძემ გასულ კვირას პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები