ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისიის პრეზიდენტს ჟოზე მანუელ ბაროზოს შეხვდა. მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საკითხებზე, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესსა და ამ გზაზე მიღწეულ მნიშვნელოვან შედეგებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილეს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირებასა და მოკლე ვადებში მასზე ხელმოწერის საკითხებზე. ირაკლი ღარიბაშვილმა და ჟოზე მანუელ ბაროზომ ასევე ისაუბრეს იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნები დგანან. პრემიერ-მინისტრმა ევროკომისართან ისაუბრა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის უზრუნველსაყოფად მთავრობის მიერ გატარებულ ღონისძიებებსა და კონკრეტულ რეფორმებზე. გარდა ამისა, მხარეებმა ისაუბრეს რეგიონალური უსაფრთხოების თემებზე, საქართველო-რუსეთის ურთიერთობაში არსებულ მდგომარეობაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში ევროკავშირის მნიშვნელობაზე.