ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში დისტანციური სწავლების გამოწვევები და შესაძლებლობები განიხილეს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე – ნუნუ მიცკევიჩი ქუთაისის ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორსა და თანამშრომლებს შეხვდა.

შეხვედრაზე სკოლაში მიმდინარე სამუშაო პროცესები, სასწავლო პროგრამები და წარმატებული პროექტები, ასევე, დისტანციური სწავლების გამოწვევები და შესაძლებლობები განიხილეს.

„მოგეხსენებათ, ქვეყანას პანდემიასთან დაკავშირებული რთული პერიოდი ჰქონდა წლის პირველ ნახევარში. აქედან გამომდინარე, საგანმანათლებლო სისტემას მოუწია სრულად გადაწყობა დისტანციური სწავლების რეჟიმზე. სწორედ ამ გამოწვევის დროს სკოლამ მოახერხა, განევითარებინა სწავლების ელექტრონული პლატფორმა, სკოლის სასწავლო პერსონალს აეთვისებინა ყველა საჭირო ტექნოლოგია. ამ პროცესში გადამზადდა როგორც ტრენერთა კორპუსი, ასევე – ყველა ბენეფიციარი, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა არსებულ შედეგებზე. ვიზიტის ფარგლებში, გავეცანი სკოლის ინფრასტრუქტურას და, შემიძლია განვაცხადო, რომ ჟვანიას სკოლა სრულად მზადაა როგორც დისტანციური სწავლების გაგრძელებისთვის, ასევე, აუდიტორიული მეცადინეობებისთვის. მადლობა მინდა, გადავუხადო სკოლის ყველა თანამშრომელს გაწეული საქმიანობისათვის”, – განაცხადა ნუნუ მიცკევიჩმა.

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორის, ქეთევან ჯაყელის თქმით, დღეის მდგომარეობით, ე. წ. პანდემიის ჯგუფებმა დაასრულეს სწავლება და მიმდინარეობს საგამოცდო პროცესი.

“ვისაუბრეთ ჟვანიას სკოლის მიღწევებსა და გამოწვევებზე, დავსახეთ სამომავლო გეგმები. ხაზგასმით მინდა, განვაცხადო, რომ სკოლა წლის დასაწყისში დაგეგმილ ყველა პროექტს წარმატებით ახორციელებს და მომავალშიც გააგრძელებს”, – განაცხადა ქეთევან ჯაყელმა.

მოგეხსენებათ, რომ, გლობალური პანდემიის – COVID 19-ის გამოცხადებისთანავე, ჟვანიას სკოლა სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამისა და საჯარო მმართველობისა და ადმინისტრირების პროგრამის ფარგლებში სწავლების დისტანციურ რეჟიმზე სრულად გადავიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები