რომან გოცირიძე: ვანო მერაბიშვილს საკუთარი კანდიდატურა ახალციხეში რომ დაეყენებინა, არჩევნებს მოიგებდა, რადგან მას საკმარისი ავტორიტეტი აქვს

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, ვანო მერაბიშვილს საკუთარი კანდიდატურა ახალციხეში რომ დაეყენებინა, არჩევნებს მოიგებდა, რადგან მას საკმარისი ავტორიტეტი აქვს.

მისი თქმით, ხელისუფლების შესაცვლელად საჭიროა კონსოლიდაცია.

„ვანო მერაბიშვილმა ამ ციკლში პოლიტიკურ საქმიანობაზე უარი თქვა. ჩემი პოზიციაა, მას საკუთარი კანდიდატურა ახალციხეში რომ დაეყენებინა, არჩევნებს მოიგებდა, რადგან მას საკმარისი ავტორიტეტი აქვს. როგორც ჩანს, გადაწყვიტა, ჯერ პოლიტიკურ ცხოვრებას განერიდოს და საზოგადოებრივად აქტიური ადამიანი იყოს. ის, რომ პოლიტიკური პარტიები ერთამანეთთან ვაჭრობენ, შეიძლება, სხვანაირად ვთქვა, რომ კონსულტაციას გადიან. პოლიტიკური პროცესი არის ვაჭრობაც, გარიგებაც, კონსულტაციაც და, სამწუხაროდ, ცუდმა პარტიებმა იციან გადაგდებაც. ეს არის პოლიტიკური ცხოვრება. ჩვენ ამ საარჩევნო ციკლში პატიოსნად მოვედით, არავინ მოგვიტყუებია და პარტიებთან უპრეცედენტო გარიგება გავაკეთეთ დედაქალაქის სახით. სიტყვა „ვაჭრობას“ მაკომპრომიტირებელ გამონათქვამად არ განვიხილავდი. რაც შეეხება პოლიტიკურ ვაჭრობაზე გამონათქვამს, ეს იყო უკვე ამ პოლიტიკური პროცესიდან გათიშული ადამიანის, უკვე ნეიტრალური გაბრაზებული ადამიანის გამონათქვამი, რომ მეტი კონსოლიდაცია არის საჭირო ოპოზიციას შორის. ეს შეიძლება, სამომავლოდაც გაფრთხილება იყოს, რომ მთავარია არა ვაჭრობა, არამედ – კონსოლიდაცია, რომ ხელისუფლება შევცვალოთ. ბუნებრივია, როცა არჩევნები დამთავრდება, მთავრობის ფორმირებაში იქნება სხვადასხვა ინტერესი გამოხატული. გინდ ამას ვაჭრობა უწოდეთ და გინდ – შესაბამისი ზომით პრეტენზიების გამოთქმა“, – განაცხადა გოცირიძემ.

საქართველოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა გაავრცელა განცხადება, რითაც საზოგადოებას აცნობა, რომ არ იქნება პარლამენტის წევრი და არც რომელიმე თანამდებობას დაიკავებს მომავალ მთავრობაში, არამედ ჩაერთვება ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ასევე, მერაბიშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციიდან პოლიტიკური ვაჭრობაზე, მანდატებისა და სკამების გადანაწილებაზე უფრო ხშირად საუბარობენ, ვიდრე – საზოგადოებისთვის ალტერნატივის შეთავაზებაზე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები