საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლები რაჭაში სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის სალიკვიდაციო-აღდგენით სამუშაოებს მე-6 დღეა, აქტიურად აგრძელებენ.
როგორც “კვირას” საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, ონის მუნიციპალიტეტში სამუშაოები მიმდინარეობს მდინარის კალაპოტში დასაბრუნებლად და საავტომობილო მოძრაობისთვის ეწყობა დროებითი გადასასვლელები.
“ინტენსიური სამუშაოების შედეგად, დღეს უკვე შესაძლებელია სოფელ ჟამიერეთთან მისასვლელი გზით სარგებლობა. გზის ამ დაზიანებულ მონაკვეთზე მოეწყო მილები და ყრილი, რამაც ავტომობილების მიმოსვლა შესაძლებელი გახადა.
დროებითი გადასასვლელი მოეწყო ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის დაზიანებულ 127-ე და 128-ე კმ-ზე, რითაც შესაძლებელი გახდა სამუშაოების დაწყება 129-ე კმ-ზე ჩაშლილი გზის დროებით აღსადგენად.
სოფელ ხიდეშლებთან დამაკავშირებელ გზაზე, მძიმე ტექნიკის გამოყენებით, უკვე ატანილია სარმის ხიდის 2 ნაწილი. დარჩენილი 3 ნაწილის ატანის შემდეგ დაიწყება ხიდის მონტაჟის სამუშაოები.
დილიდან განახლდა სოფელ ლანგვანთაში დაზიანებულ ხიდზე, სარმის ხიდის ორი სექციის სამონტაჟო სამუშაოები.
უკვე აღდგენილია საავტომობილო მოძრაობა 8 სოფელთან. ჯერჯერობით, 5 სოფელი რჩება სამანქანო გზის გარეშე და მიმდინარეობს სამუშაოები დროებითი გზების მოსაწყობად. სოფლების ნაწილთან კავშირი ხორციელდება დროებითი შემოვლითი გზების მეშვეობით.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სპეციალისტები სტიქიის ზონაში აგრძელებენ ქალაქ ონის წყალმომარაგების მაგისტრალური მილსადენის აღდგენისა და ძველი სათავო ნაგებობის წმენდის სამუშაოებს.
„ენერგო პრო ჯორჯიას“ ინტენსიური სამუშაოების შედეგად, უკვე 13 სოფელს, მათ შორის, გლოლასა და შოვს აღუდგა ელექტროენერგიის მიწოდება. გრძელდება სამუშაოები დარჩენილ 3 სოფელში ელექტროგადამცემი ხაზების აღსადგენად”, – ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.
სტიქიის ზონაში აგრძელებენ მუშაობას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, „ენერგო პრო ჯორჯიას”, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.