მაია ცქიტიშვილი: რაჭაში, 10 სოფელში ელექტრომომარაგების მიწოდება აღდგენილია
საქართველოს ვიცეპრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, რაჭაში, 10 სოფელში ელექტრომომარაგების მიწოდება აღდგენილია.
ცქიტიშვილმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, მაშველებს სტიქიის ზონაში 24 – საათიან რეჟიმში მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.
“დღეს საშუალება გვქონდა 2 ჯგუფით გავსულიყავით სხვადასხვა სოფელში. მე პირადად, გახლდით გლოლასა და შოვში, მეორე ჯგუფი – ჭეორაში. ჩავედით რამდენიმე სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, თითოეული ჯგუფი დაკომპლექტებული იყო საინჟინრო პერსონალით, გზების სპეციალისტებითა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით. საშუალება გვქონდა, გავსაუბრებოდით მოსახლეობას და უშუალოდ გაგვეგო, რა სჭირდებოდათ. შექმნილია ცხელი ხაზი, სოფლის რწმუნებულებთანაც კავშირია მოსახლეობის მხრიდან. ყოველდღიური საჭიროებები წამალი თუ სურსათი შეუფერხებლად მიეწოდებათ, ჩავიტანეთ საწვავი.
დღეს რამდენიმე ფრენა შესრულდა. როგორც დილით აღვნიშნე, გრაფიკი შევადგინეთ, რომელიც თითოეულ სოფელში ორ-ორ რეისს ითვალისწინებდა, მაგრამ წამომსვლელთა რაოდენობის გათვალისწინებით დღეს ბევრად მეტი ფრენა შესრულდა. მადლობას ვუხდი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, მაშველებს, ვერტმფრენის პილოტებს, ვერტმფრენის ეკიპაჟებს, რომლებიც სტიქიის პირველივე დღიდან 24 – საათიან რეჟიმში იმყოფებიან ამ ზონაში. მაშველები დღესაც იქ არიან და ეხმარებიან ადგილობრივ მოსახლეობას. ახლაც გაემგზავრნენ ვერტმფრენები იმისათვის, რომ სურსათი და საწვავი ჩაიტანონ და გამოიყვანონ დამსვენებლები. რაც შეეხება ინფრასტრუქტურის აღდგენას, გაითიშა “მაგთის” კავშირი და დღესვე აღდგა ანძები. მადლობა ასეთი ოპერტიულობისთვის. აქტიურად მუშაობენ “ენერგო პრო-ჯორჯიას” თანამშრომლები. ათი ჯგუფი დილიდან ჩავიდა მოწყვეტილ სოფლებში, სადაც ექსტრემალურ რეჟიმში ხდება ელექტრომომარაგების აღდგენა და 10 სოფელში უკვე აღდგენილია ელექტრომომარაგება”, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.