გიორგი გახარია: 4 სოფელთან დროებითი კავშირი აღდგენილია, ორშაბათამდე კიდევ 2 სოფელთან აღდგება კავშირი – მოსახლეობა ყველა საჭირო პროდუქტით მომარაგდება
“მაგისტრალურ გზაზე სერიოზული ჩამონგრევებია, 4 ხიდია სრულად აღსადგენი, პირველადი შეფასებით, მხოლოდ მაგისტრალური გზების აღდგენები საჭიროებს 30 მლნ ლარს”, – ამის შესახებ პრემიერმა, გიორგი გახარიამ რაჭაში, სტიქიის ზონაში ყოფნისას ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერმა ონის მუნიციპალიტეტის მერიაში საგანგებო შტაბის სხდომა გამართა. მისი თქმით, დღეის მდგომარეობით, 4 სოფელთან დროებითი კავშირი აღდგენილია, ორშაბათამდე კიდევ 2 სოფელთან აღდგება კავშირი.
“რამდენიმე სახლია სერიოზულად დაზიანებული, თუმცა, ჯამურად, ზიანი არის ძალიან სერიოზული. 12 სოფელი იყო კავშირს მოწყვეტილი. დღეის მდგომარეობით, 4 სოფელთან დროებითი კავშირი აღდგენილია, ორშაბათამდე კიდევ 2 სოფელთან აღდგება კავშირი, თუმცა დარჩენილ სოფლებში: ღები, პატარა ღები, შოვი, გლოვო, როგორ ჩანს, გზა ისეა დაზიანებული, რომ სრულყოფილი კავშირის აღდგენას დასჭირდება 1 თვე, მინიმუმ. დღეს ვესაუბრეთ ,,ენერგოპროსაც”, რომელიც გვპირდება, რომ 1 კვირაში შესაძლებელია, ელექტრომომარაგება აღდგეს, ყველა შესაბამისი სამსახური დღეს იმყოფება ადგილზე. სოფლებთან, რომლებიც ახლა ჩამოვთვალე, დაიწყება ვერტმფრენებით კავშირი და თუ იქნება მოსახლეობის გამოყვანის საჭიროება, ჩვენ, რა თქმა უნდა, გამოვიყვანთ. ეს სოფლები, რომლებიც 1 თვეს, ფაქტობრივად, კავშირს იქნება მოწყვეტილი, ყველა საჭირო პროდუქტებით მომარაგდება.
მაგისტრალურ გზაზე სერიოზული ჩამონგრევებია, 4 ხიდია სრულად აღსადგენი, პირველადი შეფასებით, მხოლოდ მაგისტრალური გზების აღდგენები საჭიროებს 30 მლნ ლარს. ჯამურად, ამ სტიქიის შედეგების აღმოფხვრას შესაძლოა დასჭირდეს 50 მლნ ლარამდე”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.