პრემიერმა სოფელ ღებში სტიქიით შექმნილი პრობლემები უშუალოდ მოსახლეობისგან მოისმინა
საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია ვიცეპრემიერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან ერთად რაჭაში, სტიქიით დაზარალებულ სოფელ ღებში იმყოფებოდა, რომელიც გზის დაზიანების გამო გარესამყაროს მოწყვეტილია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარემ სოფელ დიდი და პატარა ღების დამაკავშირებელი ხიდი წაიღო, რის გამოც ორ დასახლებას შორის საავტომობილო მიმოსვლა შეუძლებელია. მთავრობის მეთაურმა საფეხმავლო ბილიკებით ადგილობრივებთან ერთად ორივე სოფელი მოიარა, ადგილზე გაეცნო სტიქიით შექმნილ პრობლემებს და მოსახლეობის საჭიროებებზე ინფორმაცია უშუალოდ მათგან მიიღო.
პრემიერმინისტრსა და ვიცეპრემიერს სოფელ ღებში დახვდნენ საგანგებო შტაბის წევრები – პრემიერის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში – სოზარ სუბარი, მაჟორიტარი დეპუტატი – გოჩა ენუქიძე და ონის მერი – დავით ჩიკვაიძე, რომლებიც სტიქიით გამოწვეული ზიანის აღმოსაფხვრელად და მოსახლეობის დასახმარებლად გადადგმულ ნაბიჯებზე დეტალურად ესაუბრნენ.
გიორგი გახარიამ შტაბის წევრებს დაავალა, მაქსიმალურად გვერდით დაუდგნენ ადგილობრივ მოსახლეობას, რათა სტიქიის გამო მათთვის შექმნილი პრობლემები უმოკლეს ვადებში გადაიჭრას.