აბასთუმანში ტყის ხანძრების მონიტორინგის სისტემის დამონტაჟება იგეგმება
„იმედინიუსის” ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ აბასთუმანში წელს ზაფხულში გაჩენილი ხანძრის გამომწვევი მიზეზი ბუნებრივი ფაქტორი არ ყოფილა და ის ხელოვნურად იყო გაჩენილი.
„საქმეში არსებული მონაცემების შესწავლის, შემთხვევის ადგილის გამოკვლევისა და ჩატარებული კვლევების საფუძველზე დადგინდა, რომ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის აბასთუმნის უბანში ხანძრის გაჩენის მიზეზია გარეშე, ღია ცეცხლის წყაროს (ანთებული ასანთის, სანთებელას ან აალებული საგნის ალი) კონტაქტი წვად მასალასთან. გამოძიება გრძელდება ამ მიმართულებით”, – განუცხადა წყარომ „იმედინიუსს”.
იმის გათვალისწინებით, რომ აბასთუმნის ტყე უნიკალურია და ძიებამ დაადგინა, რომ ხანძარი ბუნებრივი ფაქტორით არ იყო გამოწვეული, შესაძლოა, დადგეს ხანძრის გამომწვევი მიზეზების მუდმივი, ონლაინმონიტორინგის სისტემის დამონტაჟების საკითხი, რაც არაერთხელ დააყენა აბასთუმნის ობსერვატორიამ.
შეგახსენებთ, რომ აბასთუმნის ხეობაში ხანძარი წელს, ივნისის თვეში რამდენჯერმე გაჩნდა. მაშინ ცეცხლის ლოკალიზება სახანძრო სამსახურის მისვლამდე ბიძინა ივანიშვილის დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა შეძლეს.
სპეციალისტებმა თავიდანვე ივარაუდეს, რომ ხანძარი ხელოვნურად იყო გაჩენილი, რადგან წინა, დღეების ინტენსიური წვიმის გამო, ცეცხლის ბუნებრივად გაჩენის საფრთხე მინიმალური იყო.
აღსანიშნავია, რომ ტყე სპეციალური დრონით დღესაც კონტროლდება, რომელიც დაკვამლიანების მცირე კერასაც კი აფიქსირებს, თუმცა სპეციალური მონიტორინგის სისტემა სპეციალისტებს მეტი კონტროლისა და პრევენციის შესაძლებლობას მისცემს.
წყარო: imedinews.ge