“რუსეთს სურს, გახდეს პირველი ქვეყანა, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას ადამიანებზე გამოსაყენებლად დაამტკიცებს, რაც შესაძლოა, მაქსიმუმ, ორ კვირაში მოხდეს”, – იტყობინება CNN-ი.
როგორც ტელეკომპანიას რუსეთის ოფიციალურმა პირებმა განუცხადეს, მუშაობენ იმაზე, რომ მოსკოვის გამალაის ინსტიტუტის მიერ შემუშავებული ვაქცინა 10 აგვისტოსთვის იყო დამტკიცებული.
მათი თქმით, ნებართვის მიღების შემთხვევაში, ვაქცინას ის მედიკოსები მიიღებენ, რომლებიც ვირუსს ებრძვიან.
“ეს თანამგზავრის გაშვებას ჰგავს”, – განაცხადა რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელმა, კირილ დიმიტრიევმა, რომელიც საბჭოთა კავშირის მიერ 1957 წელს პირველი თანამგზავრის გაშვებას გულისხმობდა.
მისი თქმით, ამერიკელები გაოცდნენ, როდესაც თანამგზავრის სიგნალები მიიღეს და იგივეა ამ ვაქცინასთან დაკავშირებითაც, რომელსაც რუსეთი პირველი მიიღებს.
CNN-ი აღნიშნავს, რომ რუსეთი ვაქცინის გამოცდასთან დაკავშირებით სამეცნიერო მონაცემს არ აქვეყნებს, ამიტომ ამ ეტაპზე უცნობია მისი ეფექტურობა და არის თუ არა ის უსაფრთხო.