მაიკლ კარპენტერი: ვხედავთ კულისებიდან ოლიგარქიულ გავლენას ეკონომიკაზე, ზოგიერთი მოსამართლის გადაწყვეტილებას, რომლებიც, სავარაუდოდ, გარედანაა ნაკარნახევი და პოლიტიზებულად გამოიყურება

„პენ-ბაიდენის ცენტრის“ მმართველი დირექტორი და თავდაცვის მდივნის ყოფილი მოადგილე რუსეთის, უკრაინის, ევრაზიისა და ბალკანეთის მიმართულებით, მაიკლ კარპენტერი „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში ამბობს, რომ ლოგიკურია, ამერიკელი გადასახადის გადამხდელების თანხები გამოკვეთილად იმ ქვეყნებზე გაიცეს, რომლებიც „სწორი მიმართულებით ვითარდებიან“.

კარპენტერი ამბობს – “ჩვენ ვხედავთ კულისებიდან ოლიგარქიულ გავლენას ეკონომიკაზე”.

„ჩვენ ვნახეთ ზოგიერთი შემაშფოთებელი ტენდენცია და კონგრესის წევრებმა ეს ნახეს, როგორც – ყველა სხვამ.

არ ვიტყოდი, რომ ეს ოპოზიციური პარტიების თუ ბიზნეს ინტერესების გამტარებელი ლობისტების საქმიანობასთანაა დაკავშირებული. ვფიქრობ, ჩვენ ვხედავთ კულისებიდან ოლიგარქიულ გავლენას ეკონომიკაზე. ვხედავთ ზოგიერთი მოსამართლის გადაწყვეტილებას, რომლებიც სავარაუდოდ გარედანაა ნაკარნახევი და პოლიტიზებულად გამოიყურება. ასევე ვხედავთ ზოგჯერ ზედმეტად მკაცრ რეაგირებას სამოქალაქო პროტესტზე“, – მიიჩნევს კარპენტერი და დასძენს, რომ 15 %-ის შეკავება მართალია არსებულ შეშფოთებას უკავშირდება, მაგრამ არ ნიშნავს, რომ კანონმდებლები საქართველოს მიმართ პესიმისტურად არიან განწყობილნი:

„ვფიქრობ, მთლიანობაში, თუკი საქართველოს მხარდამჭერთა ჯგუფის წევრებს თუ სხვა კონგრსმენებს გამოკითხავთ, მათი უმეტესობა საქართველოს კვლავ დემოკრატიად მიიჩნევს. მათ აქვთ ოპტიმიზმის მიზეზი, რომ არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად ჩატარდება. მე ვიმედოვნებ, რომ ქვეყანა წინ წავა ამ რთულ დროსაც კი რუსეთთან და მის აგრესიულ ქმედებებთნ დაკავშირებული გამოწვევების, ისევე როგორც კორონავირუსის პანდემიისა თუ ეკონომიკური რეცესიის პირობებში“.

მაიკლ კარპენტერი ამბობს, რომ ამერიკისა და საქართველოს მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობა საერთო ღირებულებებს ეფუძნება და ქვეყანა ამ ორმხრივი თანამშრომლობით წლების განმავლობაში მნიშვნელოვან დახმარებას იღებდა სწორედ იმიტომ, რომ იმედს აჩენდა და დემოკრატიის განვითარების კუთხით გამუდმებით წინ მიდიოდა.

„ჩვენ გვინდა ვნახოთ, რომ ეს გრძელდება. თუკი ეს ასე მოხდება, ურთიერთობაც განაგრძობს აყვავებას. ვიმედოვნებ შევძლებთ პარტნიორობის გაღრმავებას, განსაკუთრებით კი ეკონომიკური კუთხით, სადაც კვლავ გრძელი გზა გვაქვს“, – ამბობს ის და იმედოვნებს, რომ სენატის მიერ დამტკიცებულ და შემდეგ უკვე კანონად ქცეულ დოკუმენტში ახლა არსებული ფორმულირება შენარჩუნდება.

მისი თქმით, სასამართლო რეფორმის, მედიის თავისუფლების და ეკონომიკის გამჭვირვალობის კუთხით ქვეყანაზე დაკვირვება გაგრძელდება.

„უნდა ვნახოთ, რომ ის საკითხები, რომელზეც სამოქალაქო საზოგადოება ან ოპოზიცია წუხს, არის აღქმული და მათ გამოსასწორებლად არის ძალისხმევა და რეფორმები“, – უთხრა “ამერიკის ხმას” კარპენტემა.

224 ხმით 189 ხმის წინააღმდეგ – ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ 2021 წლის საგარეო ფინანსური დახმარების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა. საქართველოსთვის დახმარების სახით – 132 025 000 აშშ დოლარია გამოყოფილი. თუმცა, წინა წლებისგან განსხვავებით, ამჯერად ერთი დათქმითა და წინაპირობით: საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების პირდაპირი დახმარებისთვის გამოყოფილი თანხის 15% მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიცემა, თუკი სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით დადასტურდება, რომ ქვეყნის მთავრობა ეფექტურ ნაბიჯებს დგამს ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები