კახაბერ კუჭავა: ჩვენი ვალდებულება და პასუხისმგებლობაა, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები ყველაზე სამაგალითო იყოს

“ჩვენი ვალდებულება და პასუხისმგებლობაა, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები ყველაზე სამაგალითო იყოს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახაბერ კუჭავამ განაცხადა.

მან აშშ-ის სახელმწიფო მდივანსა და საქართველოს პრემიერმინისტრს შორის გამართული სატელეფონო საუბრის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ჩვენ არ გვიკვირს, რომ ყველანაირი პოზიტივი, რაც შეიძლება, ხელისუფლებას უკავშირდებოდეს, ოპოზიცია ცდილობს, მაქსიმალურად წარმოაჩინოს, თუ როგორ „იქცევა” ქვეყანა. რეალობა რა არის? – ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის პლენარული სესია უნდა გამართულიყო, რომელიც, სამწუხაროდ, პანდემიასთან დაკავშირებული პრობლემების გამო გადაიდო, თუმცა წლის ბოლომდე ნამდვილად ჩატარდება და დაიგეგმა ეს შეხვედრა. შესაბამისად, შედგა სატელეფონო საუბარი, რომელიც, შემდგომი „ტვიტები” იყო თუ განცხადებები, პირდაპირ უთითებს, თუ რამდენად პოზიტიური იყო ეს სატელეფონო საუბარი და თუ რამდენად უმნიშვნელოვანეს თემებზე იყო საუბარი, რომელიც კიდევ უფრო გააღრმავებს საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობებს. ძალიან მრავალმხრივ ურთიერთობებზე იყო საუბარი, არა მხოლოდ ჩვენთვის ძალიან სენსიტიურ და მნიშვნელოვან ერთერთ პრიორიტეტულ საკითხზე, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებს და იქ არსებულ დარღვევებს უკავშირდება და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ერთიანობის მიმართ მხარდაჭერას შეეხებოდა, არამედ საუბარი ასევე შეეხო ეკონომიკურ და პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებს.

რა თქმა უნდა, ჩვენი ყველა პარტნიორის მხრიდან მოლოდინია, რომ საქართველოს ხელისუფლება ჩაატარებს დემოკრატიულ და მაღალი სტანდარტების საპარლამენტო არჩევნებს, რასთან დაკავშირებითაც როგორც პრემიერს, ჩვენც, “ქართული ოცნების” ხელისუფლების წარმომადგენლებს გაცხადებული გვაქვს, რომ ეს არის ჩვენი ვალდებულება, პასუხისმგებლობა, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები იყოს ერთერთი ყველაზე სამაგალითო არჩევნები, რაც ჩატარებულა. ამ კუთხით, როგორც დამკვირვებელი, ჩართული იქნება ყველა – საერთაშორისო ორგანიზაცია თუ პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელი, რომლებიც ადგილზე ნახავენ, თუ როგორ ჩატარდება არჩევნები”, – განაცხადა კახაბერ კუჭავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები