იუსტიციის სახლსა და საზოგადოებრივ ცენტრში მომსახურება განახლებული პრინციპით – წინასწარი დაჯავშნის სისტემით გრძელდება

იუსტიციის სახლსა და საზოგადოებრივ ცენტრში მომსახურება განახლებული პრინციპით – წინასწარი დაჯავშნის სისტემით გრძელდება.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის იუსტიციის სახლები მომხმარებელს ორშაბათიდან – პარასკევის ჩათვლით დილის 09:00-დან – ღამის 12 საათამდე ემსახურებიან. სხვა ფილიალებში კი მომსახურების მიღება დილის 09:00-დან – საღამოს 18:00 საათამდეა შესაძლებელი.

“აღსანიშნავია, რომ მომხმარებლების კომფორტსა და საჭიროებებზე ზრუნვა პირველი რიგის პრიორიტეტია. აქედან გამომდინარე, აღნიშნული სერვისი მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს ეფექტურად განკარგონ საკუთარი დრო, სასურველ დროს დაჯავშნონ ვიზიტი და მიიღონ სერვისი საღამოს გვიან საათებშიც კი. აღნიშნული შეთავაზება განსაკუთრებით მოსახერხებელია იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც სამუშაო დღის განმავლობაში ვერ ახერხებენ იუსტიციის სახლში ვიზიტს.

იუსტიციის სახლსა და საზოგადოებრივ ცენტრში მომსახურების მიღების მსურველ პირს შენობაში შესვლა და სერვისის მიღება მისთვის სასურველ დღესა და დროს შეუძლია, თუკი ვიზიტს my.gov.ge-ის პორტალზე დაჯავშნის. ფილიალებში სერვისების მისაღებად ამოქმედებულია დაჯავშნის ელექტრონული სისტემა. სერვისის მისაღებად პირმა პორტალზე my.gov.ge კალენდარში უნდა დაჯავშნოს ფილიალში ვიზიტის თარიღი, რის შემდეგაც მიუვა მოკლე ტექსტური შეტყობინება და მითითებულ დროსა და ადგილზე შეეძლება განაცხადის გასაკეთებლად ფილიალში ფიზიკურად მისვლა. მზა დოკუმენტის გასატანად ფილიალში განმეორებით მისვლა საჭირო არ იქნება და პირს მზა დოკუმენტი ფოსტით გაეგზავნება.

მომხმარებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ:

– ჯავშნის გაკეთება შესაძლებელია მხოლოდ ვებ-გვერდიდან – my.gov.ge;

– დაჯავშნის შემდეგ მომხმარებელი მითითებულ ტელეფონის ნომერზე მიიღებს მოკლე ტექსტურ შეტყობინებას, სადაც აღნიშნული იქნება ვიზიტის თარიღი, ადგილი და დრო; ასევე, მომსახურების ერთჯერადი კოდი, რომელიც იუსტიციის სახლში ან საზოგადოებრივ ცენტრში მისულმა მომხმარებელმა მომსახურებამდე უნდა წარადგინოს;

– წინასწარი დაჯავშნის გარეშე იუსტიციის სახლში/საზოგადოებრივ ცენტრში მისული მომხმარებელი შენობაში ვერ მოხვდება;

– ფილიალში მისულ პირს უნდა ეკეთოს პირბადე, რის გარეშეც შენობაში არ დაიშვება;

– ფილიალში არ დაიშვებიან ბავშვები და სერვისის მისაღებად მოსული პირის თანმხლები პირები;

-მომხმარებელს არ სჭირდება მზა დოკუმენტების იუსტიციის სახლიდან/საზოგადოებრივი ცენტრიდან გატანა. მზა დოკუმენტი მას ფოსტის საშუალებით გაეგზავნება;

– იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები დაჯავშნილ ვიზიტებს იღებენ ყოველ დღე, შაბათ-კვირის ჩათვლით,”- ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, განსხვავებული წესი მოქმედებს 70 წლისა და მეტი ასაკის პირებისთვის, ვისაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაადგილება არ შეუძლია.

“70 წლისა და მეტი ასაკის პირები მთელ რიგ სერვისებზე განაცხადის გაკეთებას (მათ შორის, როცა პირველად იღებენ დოკუმენტს) სახლიდან გაუსვლელად შეძლებენ, მათ შორის ისეთ მოთხოვნად სერვისებზე, როგორებიცაა: პირადობის მოწმობა, პასპორტი, ქონების რეგისტრაცია და სხვა, ამისათვის მოქალაქემ უნდა დარეკოს იუსტიციის სახლის ცხელ ხაზზე 2 405-405 და ინფორმაცია მიაწოდოს ოპერატორს, რის შემდეგაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად ეკიპირებული სააგენტოს თანამშრომლები განაცხადის მისაღებად და საჭირო პროცედურების განსახორციელებლად დაინტერესებულ პირს 10 დღის ვადაში მის მიერ მითითებულ მისამართზე მიაკითხავენ. აღნიშნული კატეგორიის პირებისთვის ეს მომსახურება უფასოა, მზა დოკუმენტს კი, მოქალაქეები ფოსტით მიიღებენ,” – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები