დავით ჩიხელიძე: თავდაცვის მინისტრის თითოეული ნაბიჯი გვაჩვენებს, რომ ჩვენ შეგვიძლია წინსვლა
„საქართველოს თავდაცვის ძალები ახალ სიმაღლეზე ავა და მზად იქნება, გამოწვევებს ღირსეულად გაუმკლავდეს”, – ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი, დავით ჩიხელიძე აცხადებს.
ჩიხელიძე განმარტავს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის ძლიერი საჰაერო ძალები:
„თავდაცვის მინისტრი კვლავ იწვევს ჩემს გაოცებას, აღმშენებლობა მუდამ სასიხარულოა, განსაკუთრებით სასიხარულო კი მაშინაა, როდესაც აღმშენებლობა პირდაპირ პროპორციულად აისახება სახელმწიფოს სიძლიერეზე, თავდაცვისუნარიანობასა და ქართველი ჯარისკაცების კეთილდღეობაზე. ვიყოთ გულწრფელნი და ვაღიაროთ, რომ ქართულ სახელმწიფოს, ფაქტობრივად, არ ჰყავდა საბრძოლო/სავარჯიშო საჰაერო აპარატები, რომელიც ქვეყნის თავდაცვაში გადამწყვეტ როლს ასრულებს. ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, „საჰაერო თავდაცვა – თავდაცვის ძალების ერთ-ერთი საკვანძო მნიშვნელობის პრიორიტეტია”, მის განცხადებას სკეპტიკურად შევხედე, რადგან, რეალობის გათვალსიწინებით, საავაციო პარკის განახლებისა და მოდერნიზაციის ასე მცირე დროში დაწყება წარმოუდგენელი მეგონა, მაგრამ გავიდა რამდენიმე თვე და თავდაცვის მინისტრის საქმით განმტკიცებულმა სიტყვამ პოზიტიური კუთხით გამაკვირვა – ის, რაც წარმოუდგენელი მეგონა, რეალობად იქცა.
შევეცდები, რამდენიმე სიტყვით დავწერო, რატომ არის მნიშვნელოვანი, გვყავდეს ძლიერი საჰაერო ძალები. ზოგადად, სამხედრო ძალები სამ ძირითად საჯარისო სახეობაზე დგას, ეს არის სახმელოთო ჯარები, საზღვაო ფლოტი და სამხედრო ავიაცია. ამ უკანასკნელს ქვეყნის თავდაცვაში განსაკუთრებული როლი აქვს, საქართველოს სამხედრო ავიაცია კი სავალალო მდგომარეობაში იყო ყველაზე სუსტი კავკასიის რეგიონში. დღეს კი გაჩნდა იმედი და მოლოდინი, რომ საქართველოს თავდაცვის ძალები ახალ სიმაღლეზე ავა და მზად იქნება, გამოწვევებს ღირსეულად გაუმკლავდეს. მიუხედავად იმისა, რომ თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე ისტორიული პროცესების მომსწრე ვართ, სამწუხაროდ, მისი გაშუქების დროს მედიასაშუალებების ინერტულობა შეიმჩნევა, რაც ჩემი, როგორც ერთი რიგითი მოქალაქის სინანულს იწვევს. სიბრმავეზე უარესი არ დანახვის სურვილია. თავდაცვის მინისტრის თითოეული ნაბიჯი გვაჩვენებს, რომ ჩვენ შეგვიძლია წინსვლა, განვითარება და დოვლათის შექმნა, რაც გვიჩენს რწმენას, რომ, მიუხედავად სიძნელეებისა, გამარჯვებისკენ მიმავალ გზაზე მყოფი ძლიერი, შემდგარი სახელმწიფო ვართ!”, – აღნიშნავს დავით ჩიხელიძე.