კახა კუჭავა: ოპოზიციის მცდელობა, კანონპროექტში ქვეყნისთვის საზიანო ჩანაწერები გაჩენილიყო, აშშ-ის სენატის მხრიდან არ იქნა გაზიარებული
„მოხარულები ვართ, რომ საბოლოოდ შეჯერდა ის ვერსია, რომელიც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია საქართველო ამერიკის შეერთებული შტატებისთვის”,- ასე შეაფასა ვიცესპიკერმა კახა კუჭავამ აშშ-ის სენატის მიერ 2021 ფისკალური წლის აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის კანონპროექტის დამტკიცების ფაქტი.
მისი თქმით, სენატმა დაამტკიცა თავისი ვერსია თავდაცვის ავტორიზაციის კანონპროექტის, რომელიც ცალკე განიხილება კონგრესზე, ცალკე სენატზე და საბოლოო ჯამში ეს უნდა შეჯამდეს და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მოაწეროს ხელი.
კახა კუჭავას თქმით, ოპოზიციის მცდელობა კანონპროექტში ქვეყნისთვის საზიანო ჩანაწერები გაჩენილიყო, ამერიკის შეერთებული შტატების სენატის მხრიდან არ იქნა გაზიარებული.
„თქვენ გახსოვთ, იყო მცდელობა ოპოზიციის მხრიდან ქვეყნისთვის არასახარბიელო გარკვეული ჩანაწერები გაჩენილიყო, საბოლოოდ გავიდა ის ვერსია, რომელიც საქართველოს სახელმწიფოსთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე მაღალი დონის მხარდამჭერი და ეს კიდევ უფრო ხაზს უსვამს რამდენად მნიშნელოვან სტრატეგიულ პარტნიორს წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატებისთვის საქართველო რეგიონში და არა მხოლოდ, ამიტომ სამწუხაროა როდესაც ვხედავთ ამ მცდელობებს, თუმცა სასიხარულოა საბოლოო ჯამში, რომ ოპოზიციის მსგავსი ქვეყნის საზიანო მცდელობები არ იქნა გაზიარებული”,-განაცხადა კახა კუჭავამ.
ვიცესპიკერის თქმით, დღეს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა ახალ დონეზეა აყვანილი.
„განსაკუთრებული ხაზგასმა არის იმ საკითხებზე, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს და რომელთა ირგვლივაც ჩვენ წლების განმავლობაში ვთანამშრომლობთ.
განსაკუთრებული ყურადღებაა შავი ზღვის რეგიონზე და იმ ქვეყნებზე გამახვილებული სადაც ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშნელოვანი და სენსიტიურია. რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, მთლიანობა და ის პრობლემები, რომელიც დაკავშირებულია ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან და ოკუპაციასთან არის ასევე ცალსახად ხაზგასმული ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. აქ არ არის მითითებული არც გვარები და არც ტერმინი, რომლის შეტანას ცდილობდა ჩვენი ოპოზიციური სპექტრი, რომელიც პირველ რიგში დააზიანებდა არ მმართველ პარტიას, არამედ ქვეყნის ინტერესებს. საბოლოო ჯამში ჩვენ ვიღებთ იმ საბოლოო ვერსიას, რომელიც შეჯერდება სენატის და კონგრესის მიერ და პირველ რიგში წაადგება ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას”,-განაცხადა კახა კუჭავამ.