Lonely Planet: პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველო ციფრული და მზარდი ტურისტული მიმართულების ცენტრად ყალიბდება

მსოფლიოში პოპულარული სამოგზაურო პლატფორმა – Lonely Planet -ი საქართველოს მთავრობის ახალ პროექტს – “იმუშავე დისტანციურად საქართველოდან” ვრცელ სტატიასა და ვიდეორგოლს უძღვნის.

ახალი პროექტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობა საერთაშორისო ვიზიტორებს ქვეყანაში 6 თვეზე მეტი ხნით ცხოვრების უფლებას სთავაზობს.

“კორონავისურსით გამოწვეული კრიზისის გამო საზღვრების დახურვამ გვაიძულა, გადავხედოთ ჩვენს სამუშაო და სამოგზაურო გზებს. პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველო ციფრული და მზარდი ტურისტული მიმართულების ცენტრად ყალიბდება. კორონავისურსით გამოწვეულ კრიზისს საქართველომ მყისიერი პასუხი გასცა, შედეგად, ამ ქვეყანაში ინფექციის მხოლოდ 1000 შემთხვევაა დაფიქსირებული.
საქართველოს მთავრობის სურვილია, „ფრილანსერები” და თვთდასაქმებულები მოიზიდოს, რომ იცხოვრონ და იმუშაონ საქართველოდან. ამ პროექტის მიზანია ეკონომიკის სტიმულირება და საზღვრების ეტაპობრივი, უსაფრთხო და კოორდინებული გახსნა”, – წერს Lonely Planet-ის ჟურნალისტი, რიჩარდ ქოლეთი.

სტატიაში საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას ციტატაა მოყვანილი.
„ჩვენ საქართველოში ვიწვევთ მიზნობრივ აუდიტორიას და მათ ვთავაზობთ ცხოვრების უფლებას. საქართველოს მსოფლიოში ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო ქვეყნის იმიჯი აქვს და ჩვენ გვსურს, ეს შესაძლებლობა გამოვიყენოთ. ჩვენ ვსაუბრობთ საზღვრების გახსნაზე იმდაგვარად, რომ დაცული იყოს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, ამავდროულად, მივიღოთ სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები, რომლებსაც დისტანციურად მუშაობა სურთ საქართველოდან.”

საქართველო დისტანციურად მომუშავე პირებს გრძელვადიანი პერიოდით ქვეყანაში დარჩენის შესაძლებლობას აძლევს. დაინტერესებულმა პირებმა ონლაინაპლიკაცია უნდა შეავსონ და დადასტურება მიიღონ. რაც მოიცავს: სამოგზაურო დაზღვევას, დამსაქმებლის სერტიფიკატს და პერსონალურ ინფორმაციას. ჩამოსვლის წინ ვიზიტორებს საკუთარი ხარჯებით 14-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები