თენგიზ ცერცვაძე: იმედი მაქვს, რომ საქართველო სერიოზული მეორე ტალღის გაჩენას არ დაუშვებს
„ჩვენ ვართ ისეთი ქვეყნების გარემოცვაში, სადაც კორონავირუსის გავრცელების პიკია”, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
ცერცვაძე იმედოვნებს, რომ საქართველო სერიოზული მეორე ტალღის გაჩენას არ დაუშვებს.
„ჩვენ ვართ ისეთი ქვეყნების გარემოცვაში, სადაც ინფექციების პიკია. საქართველომ რაც უნდა ზომები მიიღოს, ის მთლიანად იზოლირებული ვერ არის. ძირითადად, ტრაილერის მძღოლებს შემოაქვთ, რომლებიც არ შეიძლება, რომ არ შემოუშვა იმიტომ, რომ სატვირთო გადაზიდვები არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი მკაცრი კონტროლის ქვეშ არიან, მაინც მათგან ვრცელდება.
ახლა გარდაბანია ისეთი, საიდანაც დღეს 10 ავადმყოფი იყო. მთავრობა, როგორც მას ჩვევია, მყისიერ ზომებს იღებს. დაიწყო გარდაბანში მასობრივი გამოკვლევა იმ სოფლების მთელი მოსახლეობის, სადაც ეს 10 შემთხვევა იყო და მე იმედი მაქვს, ასეთ პატარა მატებებს საქართველო დაძლევს ისე, რომ არ დაუშვებს სერიოზული მეორე ტალღის გაჩენას.
მანამდე პასუხისმგებლობა გადმოვიდა ჩვენზე, კლინიკურ სექტორზე, რატომ გავააქტიურეთ კომუნიკაციები, ვიზიტები კლინიკებში იმიტომ, რომ როდესაც რაოდენობა იმატებს, იმატებს არა ძალიან, არამედ – მცირედით, იზრდება დატვირთა კლინიკურ სექტორზე. ჩვენი მოვალეობაა, ამ პაციენტებს გავუწიოთ დროული და ეფექტიანი დახმარება, რათა მაქსიმალური რაოდენობა განიკურნოს და ეს მცირე მატება საქართველოში, რაც გარდაუვალია ჩვენი გარემოცვიდან გამომდინარე, არ გახდეს ცხოვრების ჩვეულებრივი რიტმის დარღვევის მიზეზი, რომელსაც საქართველო, პრაქტიკულად, უკვე დაუბრუნდა“, – განაცხადა ცერცვაძემ.