ამირან გამყრელიძე: ბოლო ერთი კვირის განმავლობაში შემთხვევათა უმეტესი რაოდენობა – 24, გარდაბნის მუნიციპალიტეტში გამოვლინდა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, შემთხვევათა უმეტესი რაოდენობა – 24, გარდაბნის მუნიციპალიტეტში გამოვლინდა.
„აქედან ექვსი თვითონ ქალაქ გარდაბანში, გაჩიანის დასახლებაში შედის სამი სოფელი და იქედან ოთხი გახლავთ ყარათაკლიაში და 14 ყარაჯალაში“, – განაცხადა გამყრელიძემ.
გამყრელიძის ინფორმაციით, შემთხვევების ყველაზე მეტი რაოდენობა სოფელ ყარაჯალაში ფიქსირდება.
„ყველაზე მეტი შემთხვევების რაოდენობა გვაქვს სოფელ ყარაჯალაში, რომელიც ასევე მოსახლეობის რაოდენობით ყველაზე დიდია ამ სამ სოფელს შორის. მოსახლეობის რაოდენობა, დაახლოებით, 4000-ია ამ სოფელში, სამ სოფელში ერთად კი, დაახლოებით, 7 000.
ამიტომ, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ჩამოყალიბდა რამდენიმე კლასტერი, რომელსაც ჩვენ ვეძახით. პირველი გახლავთ თვითონ გარდაბნის მუნიციპალიტეტის ცენტრში, ანუ ქალაქ გარდაბანში არის უბანი ლელაშხა, სადაც ეკომიგრანტები არიან სვანეთიდან, იქ გვაქვს ხუთი შემთხვევა, ასევე, გვაქვს ყარაჯალარში 14, ყარათაკლიაში ოთხი შემთხვევა. ამავე დროს, თბილისში გვაქვს ხუთი შემთხვევა, სადაც ჯერჯერობით ორზე წყაროზე ვერ გავდივართ, ყველაფერი ეს ფრიად საყურადღებოა.
94 ადამიანი არის გადაყვანილი კარანტინში. ცოტა რთულია ურთიერთობა მოსახლეობასთან და კონტაქტირებული ადამიანების კარანტინში გადაყვანა რთულდება, მაგრამ მაქსიმალურად ვეცადეთ, ყველა, ვინც ამას ექვემდებარებოდა, გადაგვეყვანა“, – განაცხადა გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძის განმარტებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის აღნიშნული სოფლებიდან, დაახლოებით, 1077 ადამიანია გამოკვლეული და 24 პოზიტიური შემთხვევაა დაფიქსირებული.