ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ახალ პროექტებს იწყებს, რომელშიც საქართველოში მოქმედი ფოტოგრაფები მიიღებენ მონაწილეობას

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ტურიზმის განვითარების მიზნით, ახალ პროექტებს იწყებს, რომელშიც საქართველოში მოქმედი ფოტოგრაფები მიიღებენ მონაწილეობას.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა ფოტოგრაფებს ახალი პროექტების დეტალები გააცნო, რომელიც ფოტოგრაფებისთვის მრავალ აქტივობას მოიცავს, მათ შორის: საქართველოს ყველა რეგიონში ფოტოტურებს, საქართველოს ტურისტული ფოტობანკის განახლებასა და ფოტოკონკურსს.

“საქართველოს პრემიერმინისტრის დავალებით, დღეს შედგა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა საქართველოში მოქმედ ფოტოგრაფებთან. დღეს არის სწორი დრო, განვაახლოთ საქართველოს ტურისტული ფოტობანკი და ამ მიზნით სხვადასხვა პროექტი გავაცანით ფოტოგრაფებს, სადაც ისინი აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას. ეს პროექტები დაგვეხმარება ჩვენი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის ამსახველი ფოტომასალის შეგროვებაში, შექმნასა თუ შესაბამისი კონკურსების ჩატარებაში. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომ პანდემიის პერიოდში დაზარალებული ჯგუფები, მათ შორის, ფოტოგრაფები მაქსიმალურად ჩაერთონ ჩვენთვის ძალიან ღირებულ პროექტებში, რომელიც გულისხმობს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებასქ და დაზარალებული დარგებისა და პროფესიების საქმიანობის ხელშეწყობას. შეხვედრამ ჩაიარა ნაყოფიერად და პოზიტიურად, ფოტოგრაფების მხრიდან ძალიან დიდი ინტერესი იყო პროექტებში ჩართვასთან დაკავშირებით. ჩვენ შევთანხმდით, რომ ერთობლივი ძალისხმევით განვახორციელებთ ამ პროექტებს, რაც ხელს შეუწყობს როგორც ტურიზმის განვითარებას, ასევე, ფოტოგრაფების საქმიანობას”, -განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალ პროექტებში ფოტოგრაფებთან ერთად აქტიურად ჩაერთვებიან გიდები და ტურისტული სატრანსპორტო კომპანიები, რაც შიდა ტურიზმის კამპანიის ნაწილიც გახდება. ახალი პროექტების განხორციელებით საქართველოს მასშტაბით, ერთიანი ძალისხმევით ქვეყნის ტურისტული პოტენციალის ამსახველი ფოტომასალების ახალი ბაზა მომზადდება, რომელსაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია შიდა და საერთაშორისო მარკეტინგულ კამპანიებში აქტიურად გამოიყენებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები