დავით ზალკალიანი: „ქართული ოცნება” არის პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი, რომელიც, დიდი გამოცდილებითა და პასუხისმგებლობით, ღირსეულად გაიმარჯვებს
„ქართული ოცნება” არის ერთიანი გუნდი, რომელიც დაკომპლექტებულია და დაფუძნებულია პროფესიონალიზმზე, დიდ პასუხისმგებლობასა და გამოცდილებაზე”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა „ქართული ოცნების” მიერ მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის უაღრესად გამოცდილი, პროფესიონალების გუნდი და ზალკალიანი დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნება” წარმატებით გადალახავს ყველა პროცესს, რაც დაკავშირებულია საარჩევნო კამპანიასთან და ღირსეულად გაიმარჯვებს.
„ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური კურსი არის და იქნება შეუქცევადი, რადგანაც 8 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება” არის ხელისუფლებაში, ეს დადასტურდა ქმედებებით, კონკრეტული საქმიანობით, კონკრეტული ხელშესახები შედეგებით და დარწმუნებული ვარ, რომ ასევე გაგრძელდება ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვების შემდეგაც, რადგანაც, მათ შორის, განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებები არის ერთერთი მნიშვნელოვანი გარანტი იმისა, რომ ჩვენ მივდივართ თანმიმდევრულად ჩვენი საბოლოო მიზნისკენ, რაც არის ჩვენი სრულფასოვანი გაწევრიანება ევროკავშირში”, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
საგარეო უწყების ხელმძღვანლის შეფასებით, „ქართული ოცნება” განუხრელად და წარმატებით მიუყვება ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსს – ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას, ხოლო საკონსტიტუციო ცვლილებები არის მორიგ დადასტურება იმისა, რომ საქართველო გააგრძელებს ამ მიზნისკენ თანმიმდევრულ სვლას.