რომან კაკულია: „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” კარგი კანონით დაცული იქნება როგორც სახელმწიფო ინტერესი, ასევე, მომხმარებელთა უფლებები

პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას განცხადებით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” კარგი კანონით დაცული იქნება როგორც სახელმწიფო ინტერესი, ასევე, მომხმარებელთა უფლებები.

მისი თქმით, ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ მინიმუმამდე ყოფილიყო დაყვანილი რისკები, რაც თავად კერძო სექტორმა აღიარა.

„მთავარი პრობლემა ის იყო, რომ არსებობდა კომპანია, რომელმაც ქვეყნის ინტერესების გათვალისწინების გარეშე განახორციელა ქმედება და არსებული კანონით გათვალისწინებული ზომები არ აღმოჩნდა საკმარისი ამ ქმედების აღკვეთისთვის. არსებობდა უფრო მკაცრი ზომაც, რომელსაც ჰქვია “ლიცენზიის შეჩერება”, მაგრამ მას მოჰყვება ძალიან ცუდი შედეგები მოსახლეობისთვის. ამიტომ, მარეგულირებელმა კომისიამ გადაწყვიტა, შედარებით რბილი ზომა შემოეტანა, რათა ეს ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა მოგვარებადი ყოფილიყო. იმის მიუხედავად, არსებობს თუ არა კრიტიკულ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით რაიმე კონკრეტული განსაზღვრება, ყველამ ვიცით, რაზეა საუბარი და ეს არ არის პირველხარისხოვანი პრობლემა. პირველხარისხოვანი გახლდათ ის, რომ არსებობს სახელმწიფო ინტერესები, რომელსაც უნდა აკონტროლებდეს მთავრობა. ამას ჰქონდა, მეორე მხარეც, რომ ამ კანონს არ დაეზიანებინა კერძო სექტორი და ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ მინიმუმამდე ყოფილიყო დაყვანილი რისკები, რაც თავად კერძო სექტორმა აღიარა. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ მნიშვნელოვანი ნაწილების დანახვის გარეშე ოპოზიციამ, განსაკუთრებით კი ჩვენი გუნდიდან წასული დეპუტატების გარკვეულმა ნაწილმა თავისი ჭკუით ყველაფერი მოახერხა იმისთვის, რომ მთავარი მიღწევა გადაედო გვერდზე და წინა პლანზე წამოეწია საკითხები, რომელიც გაცილებით მეორე და მესამე ხარისხოვანია. ჩვენ მივიღებთ კარგ კანონს, რომლის მიხედვით დაცული იქნება როგორც სახელმწიფო ინტერესი, ასევე, მომხმარებელთა უფლებები“, – განაცხადა კაკულიამ.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” კანონპროექტი პარლამენტმა დღეს 88 ხმით არცერთის წინააღმდეგ მესამე მოსმენით მიიღო.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები