დავით მათიკაშვილი: დენდროლოგიურ პარკთან დაკავშირებით პოლიტიკოსების ნაწილი ტალახის ზღვას ისროდა
უმრავლესობის დეპუტატი, დავით მათიკაშვილი დენდროლოგიური პარკის გახსნას გამოეხმაურა. როგორც მან გადაცემა “360 გრადუსის” ეთერში აღნიშნა, მიუხედავად პოლიტიკოსების მიერ გამოთქმული ბევრი ტყუილისა, ბიძინა ივანიშვილმა უნიკალური პარკი გააკეთა.
„მინდა, საზოგადოებას გავახსენო ის სასოწარკვეთილი ისტერიკა, რომელიც, ძირითადად, „ნაციონალური მოძრაობისა” და მასთან დაკავშირებული ე.წ. ტელევიზიებიდან მოედინებოდა. პოლიტიკოსების ნაწილი ტალახის ზღვას ისვროდნენ და აპოკალიფსურ სურათებს ხატავდნენ, თუ როგორ ინგრეოდა ქვეყანა, როგორ ნადგურდებოდა ბუნება და, სინამდვილეში, ჩვენ ყველამ ვნახეთ ეს საუცხოო ადგილი – პარკი, სადაც ათობით და ასობით სხვადასხვა ჯიშის ხეები და ცხოველებია. ადგილი, რომელიც კიდევ ერთი წერტილია საქართველოს ტურისტულ რუკაზე, რომელიც მთელი საზოგადოებისთვის არის გახსნილი და როდესაც ჩვენი შვილები ამ პარკს მოინახულებენ, ის მათი საყვარელი ადგილი გახდება. ძალიან მაინტერესებს ის ხალხი, რომელიც უსინდისოდ, ყოველგვარ მორალს გარეშე ზღვა ტალახს ისროდა, საკუთარ შვილებს წაიყვანენ და დაათვალიერებინებენ ამ პარკს? ან ამ პარკის დათვალიერების მერე სინდისი თუ შეაწუხებთ და ერთი სიტყვით თუ იტყვიან – მეგობრებო, ჩვენ პოლიტიკურ აჟიოტაჟში ვიყავით ჩათრეული და ეს ყველაფერი სიცრუე და ტყუილი იყო, რითაც ჩვენ საზოგადოებას ვკვებავდით და სინამდვილეში ეს ადამიანი (ბიძინა ივანიშვილი) საუცხოო ადგილს აკეთებდა ისევ ჩვენი შვილებისთვის”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.