სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ფოთის ბაზას კელი დეგნანი ეწვია – ელჩი სანაპირო დაცვის ამოცანებსა და შესაძლებლობებს გაეცნო
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ფოთის ბაზას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი აშშ-ის დელეგაციასთან ერთად ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, სტუმრებს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, თემურ კეკელიძემ უმასპინძლა.
“შეხვედრაზე სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, I რანგის კაპიტანმა, რამაზ პაპიძემ აშშ-ის ელჩს სანაპირო დაცვის ამოცანები და შესაძლებლობები გააცნო. სანაპირო დაცვის ოპერატიული მართვის სამსახურის უფროსმა, II რანგის კაპიტანმა, ნინო კალანდარიშვილმა კი მართვის ცენტრში გეგმური ბრიფინგი ჩაატარა.
კელი დეგნანი პირადად შეხვდა ოპერაციათა კონცეფციის შესაძლებლობების (OCC) პროცესში ჩართულ აბორდაჟის ჯგუფის წევრებს და მათი აღჭურვილობა დაათვალიერა. დელეგაციის წევრებმა ამერიკული მხარის მიერ გადმოცემული, “აილენდის” კლასის სადარაჯო ხომალდი – “ოჩამჩირეც” მოინახულეს. ხომალდის მეთაურმა სტუმრებს გემის ტექნიკური მახასიათებლები და ოპერაციული შესაძლებლობები გააცნო.
აშშ-ის საელჩო საქართველოს სანაპირო დაცვის ფლოტისა და საზღვაო ინფრასტრუქტურის გაძლიერების, ასევე, გემთსარემონტო შესაძლებლობების განვითარების კუთხით არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს”, – ნათქვამია შსს-ის ინფორმაციაში.