სახალხო დამცველი საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებულ ზაზა გახელაძეზე: ძალიან მნიშვნელოვანია მისი დროული გათავისუფლება
“ბოლო ინფორმაცია, რასაც ვიღებდით, იყო ის, რომ არის ნამდვილად დაჭრილი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მისი ჯანმრთელობის რეალური მდგომარეობა ვიცოდეთ”, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებულ ზაზა გახელაძესთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებულის დროული გათავისუფლება უმნიშვნელოვანესია.
“სამწუხაროდ, ინფორმაციას არ ვფლობთ. ბოლო ინფორმაცია, რასაც ვიღებდით, იყო ის, რომ არის ნამდვილად დაჭრილი, მოთავსებული არის საპატიმრო დაწესებულებაში. ველოდებით “წითელი ჯვრის” მიერ მონახულებას დაკავებული, უკანონო პატიმრობაში მყოფი, საქართველოს მოქალაქის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის დროულად გათავისუფლდეს. ძალიან მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ მისი ჯანმრთელობის რეალური მდგომარეობა. თუმცა, სამწუხაროდ, არ ვიცით, ეს როდის მოხდება იმიტომ, რომ არანაირი კომუნიკაცია ან ინფორმაცია, როგორც ვიცი, ბოლო ზარის შემდეგ არ ყოფილა”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ სოფელ ქვემოჭალაში მცხოვრები ზაზა გახელაძე გამყოფი ხაზის სიახლოვეს სოკოს საკრეფად იყო წასული, რა დროსაც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დააკავეს და ოკუპირებულ ახალგორში გადაიყვანეს.