ეკატერინე ტიკარაძე: ჩვენ დავნერგეთ შრომის უსაფრთხოების კულტურა საქართველოში

„დღეს თამამად შემიძლია, განვაცხადო, რომ ჩვენ დავნერგეთ შრომის უსაფრთხოების კულტურა საქართველოში“, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ შრომის ინსპექციის 5 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
​სამინისტროს ინფორმაციით, დეპარტამენტის ანგარიშის პრეზენტაცია დღეს გაიმართა. მათივე განცხადებით, დეპარტამენტის მუშაობის შედეგად, მკვეთრად გაუმჯობესდა სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოების ზომები.

„2019 წელს, 2018 წელთან შედარებით, უბედური შემთხვევების რაოდენობა 24 %-ით, ხოლო 2020 წლის პირველ ნახევარში, 2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 35%-ით არის შემცირებული. ეს ძალიან შთამბეჭდავი რიცხვია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევძლოთ და შევქმნათ უსაფრთხო გარემო ჩვენი მოქალაქეებისთვის, რათა დაცული იყოს არა მხოლოდ მათი ჯანმრთელობა, არამედ – სიცოცხლეც. ყოველივე ამით ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს ევროპული ოჯახისკენ და მე დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული მოქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველო იყოს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი და ეს აისახებოდეს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე”, – განცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვა 2015 წელს დაიწყო. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი სწორედ ამ დროს შეიქმნა. 2015 წლიდან 2018 წლამდე იყო გარდამავალი პერიოდი, როდესაც დეპარტამენტს მიეცა შესაძლებლობა, ჩამოყალიბებულიყო, როგორც ძლიერი მაკონტროლებელი ორგანო, ხოლო ბიზნესს მიეცა მოსამზადებელი პერიოდი, რათა გაცნობოდნენ და დაეცვათ შრომის უსაფრთხოების თანამედროვე მოთხოვნები.
2018 წლის მარტში მიღებულ იქნა კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ, რომელიც პირველი აგვისტოდან ამოქმედდა და შრომის ინსპექცია გადავიდა შრომის უსაფრთხოების ნორმების კონტროლის სრულიად ახალ ეტაპზე. 2019 წლის პირველი სექტემბრიდან კანონი გავრცელდა ყველა ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ ობიექტებზე და დაიწყო ყველა სფეროს აქტიური კონტროლი შრომის უსაფრთხოების ნორმების შესრულებაზე, რომელიც დღემდე უწყვეტად მიმდინარეობს.

„2015 წლის შემდეგ გადაიდგა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომელთა  უკანაც ძალიან დიდი შრომა დგას  როგორც აღსრულების კუთხით, ასევე, საკანონმდებლო კუთხით. მადლობას ვუხდი პარლამენტარებს, დეპუტატებს, რომლებმაც ამ მიმართულებით დიდი შრომა გაწიეს, მადლობა პარტნიორ ორგანიზაციებსა და შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ყველა თანამშრომელს, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში ძალიან მნიშვნელოვან საქმიანობას აწარმოებდნენ ამ 5 წლის მანძილზე. დარწმუნებული ვარ, რომ მათი საქმიანობა მომავალში ბევრად უფრო ეფექტური და დაფასებული იქნება”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ

ბოლო პერიოდში, მსოფლიოში მიმდინარე პანდემიური პროცესების ფონზე, მკვეთრად გაიზარდა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის როლი. საქართველო იყო ერთერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც მოახერხა სექტორულ დონეზე, კონკრეტული საფრთხეების იდენტიფიცირებისა და რისკების შეფასების საფუძველზე შეემუშავებინა რეკომენდაციები. ქვეყანაში ეკონომიკური საქმიანობების აღდგენის პროცესის ეფექტურად მართვის მიზნით, დეპარტამენტის მიერ შემუშავებულ იქნა 33 რეკომენდაცია სექტორულ დონეზე. აღნიშნული რეკომენდაციების აღსრულების პროცესში, სწორედ შრომის ინსპექციას დაევალა სხვა სახელმწიფო უწყებების კოორდინება და ინსპექტირების პროცესის მართვა მთელი საქართველოს მასშტაბით.
გარკვეული ბიზნეს სუბიექტების საქმიანობის აღდგენა, როგორიცაა სამშენებლო კომპანიები, სასტუმროები, სტომატოლოგიური, პროფესიული და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები, ფიტნესები და აუზები, შესაძლებელი იყო მხოლოდ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენლების შემოწმებისა და დადებითი დასკვნის გაცემის შედეგად.
კორონავირუსის პრევენციისთვის განსაზღვრული რეკომენდაციების დაცვის მიზნით, უკვე განხორციელდა 13 300 მდე ინსპექტირება, მთელი ქვეყნის მასშტაბით. ინსპექტირება ხორციელდება როგორც გეგმურად, ასევე, არაგეგმურად.

ღონისძიება „ერთი თვე სამინისტროსთან ერთად“ კამპანიის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც მთავრობის წარმომადგენლები, პარტნიორი ორგანიზაციები და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები