დიმიტრი ხუნდაძე: საზოგადოებას ვაძლევ პირობას, რომ მათი ჯანმრთელობა იქნება დაცული და ამისთვის ჩვენი მხრიდან გაკეთდება მაქსიმუმი
„რთულია ეპიდემიოლოგიური ვითარება გლობალურად მსოფლიოში და რთულია ვითარება პარლამენტში იმიტომ, რომ ოპოზიცია ჩვეულ რეჟიმშია – სიკეთესაც ბოროტებად აღიქვამს და მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვას ეძახის ანტიკონსტიტუციურს და ანტისახელმწიფოებრივს”, – ამის შესახებ ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატები „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებზე მსჯელობენ.
მისი თქმით, ოპოზიცია, რომელიც პარლამენტში მომწამვლელი ნივთიერებებით დარბოდა, დღეს საპარლამენტო პასუხისმგებლობაზე საუბრობს.
„ოპონენტები აბსოლუტურად უსაფუძვლო კითხვებს სვამენ, რაზეც, უბრალოდ, კითხვის დასმაც კი უხერხულია. ვფიქრობ, ამ რეჟიმში ცოტახანს მოგვიწევს მუშაობა, ცოტა დრო დარჩა არჩევნებამდე და საზოგადოება ყველას თავის ადგილს მიუჩენს. იმედი მაქვს, პარლამენტში გაჩნდება პასუხისმგებლიანი ოპოზიცია ჩვენი პოზიტიური ვალდებულებაა, დავიცვათ მოსახლეობის ჯანმრთელობა. დღეს აქ ატეხილია აჟიოტაჟი ოპოზიციის მხრიდან აბსოლუტურად უსაფუძვლოდ, რომ საგანგებო მდგომარეობა არ უნდა შემოვიღოთ იმიტომ, რომ ეპიდემიოლოგიური საჭიროება არაა და ეს მძიმე ტვირთად დააწვება როგორც ქვეყნის ეკონომიკას, ისე საზოგადოებას, როცა შესაძლებელია, უფრო მსუბუქი რეგულაციებით იმართოს კრიზისული პროცესი. არადა საუბარია იმაზე, რომ საზღვარი გაკონტროლდეს და არ მოხდეს ვირუსის იმპორტი; იმაზე, რომ საკარანტინო ზონები ამოქმედდეს და ასეთ შემთხვევაში, შემოსული მოქალაქეები იქნენ დაზღვეული როგორც მათი, ასევე სხვა მოქალაქეების ჯანმრთელობის თვალსაზრისით; იმაზე, რომ საჭიროების შემთხვევაში, კლინიკები ცენტრალიზებულად იმართებოდეს, ასეთი საშიში ინფექციის დროს არსებობდეს მართვის ერთიანი სისტემა და ხელისუფლება იყოს ამაზე პასუხისმგებელი; ის, რომ არჩევნები ჩავატაროთ უსაფრთხოდ და კონსტიტუცით დადგენილ ვადებში მოხდეს საზოგადოების მხრიდან არჩევანის გაკეთება. ამაზეა საუბარი და ამაზე სპეკულირებს ოპოზიცია. მათ თუ ვინმე აჰყვება, შესაძლოა მართლაც დადგეს რისკის ქვეშ ქვეყნის უსაფრთხოება და მოსახლეობის ჯანმრთელობა. ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ჩვენ ამ პოზიტიურ შედეგს საზოგადოებასთან ერთად, ექიმებთან ერთად მივიყვანთ ბოლომდე. ვისურვებდი, რომ ამ რეჟიმში აღარ დაგვჭირვებოდეს თუნდაც მსუბუქი რეგულაციებით ქვეყნის მართვა და ჩავდეთ ჩვეულ რეჟიმში. საზოგადოებას ვაძლევ პირობას, რომ მათი ჯანმრთელობა იქნება დაცული და ამისთვის გაკეთდება მაქსიმუმი”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.