“111”-ს აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული და ნარკოდამოკიდებული პრობლემის მქონე ბავშვებისათვის ახალი სერვისი დაემატა
პირველად საქართველოში, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული და ნარკოდამოკიდებული პრობლემის მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის უფასო კონსულტაციის სერვისი, ცხელი ხაზი ამოქმედდა.
პარლამენტის პრესსამსაურის ინფორმაციით, ცხელი ხაზის, “111”-ის დახმარებით, ბავშვები და მათი ოჯახის წევრები ფსიქოლოგსა და ფსიქოთერაპევტთან უფასო კონსულტაციას გაივლიან. შესაძლებელია, ეს იყოს როგორც ერთჯერადი, ასევე – ხანგრძლივი მკურნალობა.
ცხელი ხაზის სიახლეებსა და მუშაობის პროცესს დღეს ადგილზე გაეცნენ ჯანდაცვის მინისტრი – ეკატერინე ტიკარაძე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე – სოფო კილაძე და საქართველოში “იუნისეფ”-ის წარმომადგენელი – ღასან ხალილი. სტუმრები “111”-ის ოპერატორებს შეხვდნენ და მონიტორინგის შედეგები განიხილეს.
ბავშვთა დახმარების ცხელი ხაზი – “111” ერთი ფანჯრის პრინციპით ფუნქციონირებს და ბავშვთან დაკავშირებულ ნებისმიერს საკითხს აერთიანებს, იქნება ეს ძალადობა, ჯანდაცვა, განათლება, სოციალური თუ სხვა სახის პრობლემები. “111”- ის ოპერატორები სახელმწიფო უწყებებსა და გამგეობებთან კოორდინაციით ბავშვებსა და მათ ოჯახებს სხვადასხვა პრობლემის მოგვარებაში ეხმარებიან.
ცხელი ხაზი – “111” „ბავშვის უფლებათა კოდექსის” ფარგლებში მომზადდა და 1-ელი მაისიდან ფუნქციონირებს. ამ დროის განმავლობაში, სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე, “111” – ში 600-ზე მეტი მიზნობრივი ზარი შევიდა. ცხელი ხაზის ოპერატორებმა დაუყონებლივი რეაგირება მოახდინეს და დახმარება გაუწიეს 450 ბენეფიციარს, ამ ეტაპზე, 163 შეტყობინება შემდგომი რეაგირებისთვის მუშავდება.
ცხელი ხაზი საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატვით, ჯანდაცვის სამინისტროს მუშაობითა და გაერო-ს ბავშვთა ფონდის ფინანსური დახმარებით შეიქმნა.