მამუკა მდინარაძე: მტერთან საბრძოლველად საჭიროა კონკრეტული იარაღი

“ხელისუფლებამ დღემდე არსებული შეზღუდვები კოვიდინფექციასთან ბრძოლის წინააღმდეგ ეფექტიანად გამოიყენა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონპროექტს კონსტიტუციურობის “ტესტი” გავლილი აქვს და ამ მხრივ ოპოზიციის განცხადებები მხოლოდ მათ პოლიტიკურ დღის წესრიგს ემსახურება.

“საზოგადოებას უნდა განვუმარტოთ, რომ, ზოგადად, მტერთან საბრძოლველად საჭიროა კონკრეტული იარაღი. წარმოიდგინეთ, 2008 წელს ხელისუფლებისთვის ვიღაცას მოეწოდებინა, რომ იარაღის გარეშე ებრძოლა მტერთან. მაშინ რუსეთი იყო ეს მტერი. დღეს გვთავაზობენ, რომ ამ უხილავ მტერთან, კოვიდინფექციასთან ხელისუფლებამ იბრძოლოს, ოღონდ იარაღი ხელში არ ჰქონდეს. თან არ არის საუბარი მძიმე არტილერიაზე, აქ საუბარი არ არის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე. საუბარია ელემენტარულ შეზღუდვებზე, რომლებიც დღემდე ეფექტიანად გამოიყენა ხელისუფლებამ და ვამაყობთ იმით, რომ მსოფლიოში ერთერთი მოწინავე ქვეყანა ვართ მიღწეული შედეგებით. ეს უზრუნველყო ამ მექანიზმმა. ახლა წინააღმდეგ გამოდიან, ისინი, ვინც ამას აკრიტიკებს, კვლავ რჩებიან იმ აზრზე, რომ ისინი უნდა დადგნენ ვირუსის მხარეს და არა – ხელისუფლების მხარეს ამ საკითხში მაინც. როცა საუბარია ანტიკონსტიტუციურობაზე, უნდა გაგვახსენდეს, რომ ასეთი ლოგიკით ნებისმიერ დროს, როცა გარკვეული უფლებამოსილება კანონით მთავრობას ეკისრება, შეიძლება, იმსჯელო იმავე “წარმატებით”. კონსტიტუციურობის ტესტი გავლილია მაშინ, როცა ამ საკითხზე ბევრი ვიმსჯელეთ და ვიკამათეთ. ეს არის ხელისუფლებისთვის “იარაღი” პოზიტიური გაგებით კოვიდინფექციასთან ბრძოლაში, რასაც დადებითი და თვალსაჩინო შედეგები მოაქვს. როგორ შეიძლება, კოვიდინფექციის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმი ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ გამოიყენო? ეს არის მოგონილი არგუმენტები იმისთვის, რომ ხელისუფლებას მექანიზმი არ ჰქონდეს ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლის. თუ ვინმე გვეუბნება, რომ ელემენტარული მექანიზმი და იარაღი არ უნდა გვქონდეს ამ ბრძოლაში, ეს არის მხოლოდ პოლიტიკური მდარე განცხადებების კასკადი, რომელიც ემსახურება მათ პოლიტიკურ დღის წესრიგს, რომ არ გვქონდეს ხელისუფლებას ელემენტარული საშუალებაც კი კოვიდინფექციასთან ბრძოლაში”, – განაცხადა მდინარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები