მიხეილ ჩხენკელმა მესტიის მუნიციპალიტეტში სოფელ წვირმის საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოები მოინახულა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა პრემიერმინისტრის მრჩეველ სოზარ სუბარსა და სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოს ხელმძღვანელ დავით ფარცვანიასთან ერთად მესტიის მუნიციპალიტეტში სოფელ წვირმის საჯარო სკოლის მშენებლობის პროცესი მოინახულა.
“დღეს დავათვალიერეთ ზემო სვანეთის სოფელ წვირმის საჯარო სკოლის მშენებლობის პროცესი. ეს სკოლა არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ ისახება მასწავლებლების მაღალი პროფესიონალიზმი და დაუღალავი შრომა მოსწავლეების წარმატებაზე. ამ სკოლის მოსწავლეები, კურსდამთავრებულები არიან არაერთი საერთაშორისო პროექტის გამარჯვებულები. მე ძალიან მიხარია, რომ ახალ სასწავლო წელს მათ ექნებათ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი შენობა.
აქ განთავსდება კომპიუტერული ლაბორატორიები და მოსწავლეებს ექნებათ ყველა პირობას წავლისთვის. ანალოგიური პროექტები მიმდინარეობს მთელი ქვეყნის მასშტაბით, საქართველოში მრავალი ახალი სკოლა შენდება, რადგან ჩვენს მოსწავლეებსა და ახალგაზრდებზე ზრუნვა არის ჩვენი ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი”, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
სოფელ წვირმის საჯარო სკოლა 60 მოსწავლეზეა გათვლილი და მისი მშენებლობა ახალი სასწავლო წლისათვის დასრულდება. მსუბუქი კონსტრუქციის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ერთსართულიანი სკოლის შენობა ადაპტირებულია სსსმ მოსწავლეებისთვის. სასწავლო სივრცეებთან ერთად სკოლაში მოეწყობა კომპიუტერული კლასკაბინეტი, ლაბორატორია, ბიბლიოთეკა, ეზოში კი – სარეკრეაციო სივრცე. გარდა ამისა, სკოლა აღიჭურვება თანამედროვე ინვენტარითა და უახლესი კომპიუტერული ტექნიკით.
სოფელ წვირმის საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოები ხორციელდება სსიპ –საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოს დაფინანსებით და მისი ღირებულება 1.404 640 ლარს შეადგენს.